აშშ-ირანი

აშშ ადასტურებს, რომ ირანმა მათი სათვალთვალო დრონი ჩამოაგდო

0 კომენტარი
ფოტო: US Navy

ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე მფრინავი აშშ-ის სამხედრო დაზვერვის დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას აშშ-იც ადასტურებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის თქმით დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ში ამბობენ, რომ ის საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა.

ირანის სამხედრო ძალების გენერლის თქმით დრონის ჩამოგდება ნათელი მესიჯია აშშ-სათვის, რომ ირანის საზღვარი წითელი ხაზია.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. დონალდ ტრამპმა გასულ წელს ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და სანქციები ხელახლა დააწესა. პასუხად ირანის მთავრობამ თქვა, რომ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას გააგრძელებდა. აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განცხადება გააკეთა სპარსეთის ყურეში ბომბდამშენების და ავიამზიდის გაგზავნის შესახებ. ორშაბათს კი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში თქვეს, რომ რეგიონში დამატებით 1,000 სამხედროს გაგზავნიან.

გარდა ამისა, გასულ კვირას ომანის ყურეში ორ ნავთობტაკნერზე აფეთქება მოხდა. აშშ-ის ფლოტის მიხედვით ნაღმები ირანულს ჰგავს. მანამდე აფეთქება კიდევ ოთხ ტანკერზე მოხდა, რაშიც ბოლტონმა ასევე ირანი დაადანაშაულა. ირანი მომხდართან კავშირს უარყოფს.

გასულ კვირას აშშ-მა ირანი მათი დრონის ჩამოგდების მცდელობაში დაადანაშაულა, რომელიც მათი თქმით ერთ-ერთ ტანკერს აკვირდებოდა, რომელზეც თავდასხმა მოხდა.

გასულ კვირას იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა აშშ-ის MQ-9 Reaper დრონი ჩამოაგდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები