მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

მათიკაშვილი: გავრილოვი მართლმადიდებლობის ნიღაბქვეშ შემოიპარა საქართველოში

ქართული ოცნების დეპუტატის დავით მათიკაშვილის შეფასებით, "სერგეი გავრილოვი ისეთივე ოკუპანტია, როგორც ბორისოვი და მისი პატრონი პუტინი". მისი თქმით, გავრილოვი "მართლმადიდებლობის ნიღაბქვეშ შემოიპარა საქართველოში".

"ის ისევე "იზიარებს" მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, როგორც ტოტლებენი და როდიონოვი იზიარებდნენ, როცა ჩვენს ქვეყანას  აოხრებდნენ და აწიოკებდნენ. ეს ყველაფერი და ბევრად მწვავედ სახეში მიახალა პარლამენტის თავმჯდომარემ გავრილოვს, გუშინ.

დღეს კი, როგორი პროტოკოლური გაუგებრობაც არ უნდა ყოფილიყო, გავრილოვის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო უმძიმესი სანახავი, ხოლო მისი ყოფნა პარლამენტის შენობაში და ამ ფორუმისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზის გამოყენება - შეცდომა. ირაკლი კობახიძე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, პირველთაგანია, ვინც სხდომის შეწყვეტა მოითხოვა და დაგმო ეს ქმედება" - თქვა მათიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

20 ივნისს კი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარება პარლამენტში იყო დაგეგმილი. რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, რამაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, გადაწყდა, რომ სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა. 

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

კომენტარები