ინაშვილი: ლევან ვასაძე ზნეობრივ პოზიციას იცავს, ჩვენც ზნეობისთვის ბრძოლას ვუჭერთ მხარს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი "ზნეობისთვის ბრძოლას უჭერს მხარს". მისი თქმით, რამდენიმე დღეა, არ წყდება უკიდეგანო შეურაცხყოფის ნიაღვარი ლევან ვასაძის მიმართ.

"რასაც ვაკვირდები, საქმე იმაში არაა, ბრძოლის რა მეთოდი აირჩია ვასაძემ. თუ უფრო ღრმად გავაანალიზებთ პროცესს, დავინახავთ, რომ ვასაძე სწორედ მისი პოზიციის გამო აღმოჩნდა მიზანმიმართული შეტევის ქვეშ! და რა პოზიციაა ეს? რაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობას - ლგბტ თემის ღონისძიებები რეალურად პროპაგანდის რეჟიმშია გადასული, წლების მანძილზე მიდის ცხოვრების ამ წესის აქტიური პროპაგანდა. მეტიც, მიდის პროპაგანდა, რომ მართლმადიდებელები ჩაგრავენ უმცირესობას. არადა, ყველაფერი პირიქითაა და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია" - წერს ინაშვილი Facebook-ზე და აღნიშნავს, რომ "არავინ არავის არ ერჩის".

"კაცთა კვლისა და ცემა-ტყეპის მომხრე ვინაა? მაგრამ როდესაც ლგბტ ჯგუფები სკოლების, საბავშვო ბაღების, ცენტრალური პროსპექტების სივრცეში ცდილობენ მსვლელობების და ახლა უკვე ე.წ. „თბილისი პრაიდის“ გამართვას, ქართველი ხალხის სრული უმრავლესობისათვის ეს სწორედ პროპაგანდას ნიშნავს. არავის უნდა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ხდებოდეს ის, რაც ჩვენი რწმენის, ზნეობის, ტრადიციების მიღმაა. ვასაძე სწორედ ამ პოზიციის დაცვით გამოვიდა ვერის ბაღში - ზნეობრივი პოზიციის დაცვით! და არ შეიძლება, რომ ეს პოზიცია, თუნდაც, ვიღაცისთვის მიუღებელი, გახდეს ლევან ვასაძეზე უწყვეტი თავდასხმის, შეურაცხყოფის, ლანძღვის მიზეზი, რამაც ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯა. ახლა გადახედეთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ცალკეულ ენთუზიასტებს, რომლებიც ვასაძის ბულინგით არიან დაკავებულნი და დარწმუნებული ვარ, დასკვნებს მარტივად გამოიტანთ. ჩვენ ზნეობისთვის ბრძოლას ვუჭერთ მხარს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი - პატრიოტთა ალიანსი ზნეობისთვის ბრძოლას უჭერს მხარს" - წერს ირმა ინაშვილი.

თბილისში "ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმება, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებულია. მარში ლგბტ კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს მოიცავს. მის ჩატარებას ძალადობრივი ჯგუფები ეწინააღმდეგებიან. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

კომენტარები