აქციის დარბევა

ექიმი: აქციიდან მოყვანილი დაშავებულებიდან რამდენიმემ შეიძლება თვალი დაკარგოს

ტბელ აბუსერიძე

რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებულებიდან 20 ადამიანი "ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი. როგორც ექიმი გიორგი კორძახია ამბობს, 6 მათგანს თვალის დაზიანება აქვს მიღებული და შესაძლოა რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგოს. 

„ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოსულია 20 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მოსულები არიან რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის ძირითადად პაციენტებში აღინიშნება თვალის დაზიანებები. რამდენიმე პაციენტთან გაკეთდება თვალზე ოპერაცია და მერე გადაწყდება გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმა არის, შესაძლოა, რამოდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს. ასევე არის ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. ამოღებულია რამდენიმე ჭრილობიდან ე.წ. რეზინის ტყვიები. ექვსი პაციენტი არის ვინც არის შემოსულია თვალის ტრავმით, აქედან სამი იქნება საყურადღებო. გადაწყვეტილია, რომ სამ მათგანს სჭირდება ოპერაცია, სამი მეთვალყურეობის ქვეშ არის და ვნახოთ,“ – თქვა ექიმმა.

ექიმის კომენტარს „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქცია პარლამენტის შენობასთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო

კომენტარები