რუსი დეპუტატები თბილისში

გავრილოვი: პრეზიდიუმში დაჯდომა ქართულმა მხარემ შემომთავაზა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა ქართულმა მხარემ შესთავაზა. 

ამის შესახებ კომუნისტი დეპუტატი რუსულენოვან კომერსანტს ესაუბრა. 

"ცერემონიის გახსნისას, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს კარგი მასპინძლობისა და მაღალი დონის ორგანიზებისთვის. 20 ივნისს ჩვენ საქართველოს პარლამენტში დაგვპატიჟეს. პრეზიდიუმში ადგილის დაკავება ქართულმა მხარემ შემომთავაზა. მასპინძელი ქვეყანა სადაც მიმითითებს, მეც იქ მოვთავსდები. პროტოკოლის მიხედვით, ეს საპატიო ადგილი გენერალური ასამბლეის წარმომადგენელს ეკუთვნის და არა მოადგილეებს. ხოლო, გენერალური ასამბლეა მიჰყავს მხოლოდ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტს - მოცემულ სიტუაციაში მე,"- ამბობს გავრილოვი. 

სერგეი გავრილოვი თბილისში 19 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომლის ორგანიზატორიც ქართული მხარის მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იყო. 

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა. 

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. 

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები. 

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები