აქცია პარლამენტთან

ომბუდსმენი: პარლამენტთან მომხდარზე სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გავაკეთებთ

ტბელ აბუსერიძე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართლებრივ შეფასებას ომბუდსმენი მოგვიანებით გააკეთებს.

"სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს; აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართლებრივ შეფასებას სახალხო დამცველი მოგვიანებით გააკეთებს.

სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481" - ნათქვამია განცხადებაში.

20 ივნისს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა. 

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს. 

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია უტარდებათ. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები. 

კომენტარები