აქციის დარბევა პარლამენტთან

აქციის დარბევისას მეუფე სტეფანე ვერის ბაღის პრორუსულ აქციაზე ოპოზიციას გმობდა

რუსთაველზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დარბევის პარალელურად, ცაგაერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ვერის ბაღში, პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის ორგანიზებულ ჰომოფობიურ აქციაზე პარაკლისს იხდიდა, ოპოზიციას გმობდა და "მატორიან თაგვებზე" ხუმრობდა. 

მეუფემ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ "პროვოკატორმა ოპოზიციამ მოძალადე სახე გამოავლინა". 

"შევთხოვოთ უფალს და მშვიდობა მოგვცეს. ყველა გადარჩეს, არავის ისეთი რამე არ მოუწიოს და მსხვერპლი არ იყოს ამ უაზრო დატაკებაში. ღმერთმა ისე ქნას, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს. ვერა და ვერ მოითმინეს ამათმა, რომ რაღაც სისულელეები არ ეკეთებინათ და ჩაფიქრებული რაღაც პორვოკაციები, რომელიც იყო თქვენს წინააღმდეგ მიმართული, ისე მოხდა, რომ აი ასე უაზრო სიტუაციაში დაატაკეს ერთმანეთს. იქ ხალხი მიიყვანეს რუსეთის საწინააღმდეგოდ. თითქოსდა, ამ დროს ფაქტიურად თავისი უაზრო მიზნებისთვის და რუსეთთან მიმართებაში ჩვენც გვაქვს ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ არავითარ შემთხვევაში, რუსეთთან, სანამ ისინი ოკუპანტები არიან ჩვენ მათ პარლამენტს ვერ დავუტმობთ და ვერც სავარძლებს დავუთმობთ. თუ ჩამოვლენ იყვნენ ტურისტებად და ჩვენი წესებით იყვნენ",- თქვა მან. 

მეუფემ ოპოზიცია "მოტორიან თაგვებს" შეადარა. მისი თქმით, ისინი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაქოქა. მეუფეს ამ "ხუმრობაზე" აქციის მონაწილეებმა იცინეს. 

"მიშა სააკაშვილი ყოფილა აზერბაიჯანში. ე.ი მოტორიანი თაგვი ხომ იცით, რომ დაქოქავენ და მთელი ესე თაგვები რომ მიყვებიან. პარიზში იყო ეგრე. დაქოქეს და სენაში წავიდა მთელი თაგვები. ახლა ამას უნდ ეტყობა რაც კი ნაცები არიან დაქოქავს და მწარე ნაცები გაყვებიან და ალბათ, ნორმალური ხალხი გამოფხიზლდება",- თქვა მან.

20 ივნისს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადეს. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

შეგახსენებთ, რომ პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

კომენტარები