დავით უსუფაშვილი: ოცნების ხელისუფლება ვერ უმკვლავდება ქვეყნის მართვას

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

"შენების მოძრაობის" ლიდერი, დავით უსუფაშვილი 20 ივნისს პარლამენტის წინ გამართული აქციის დაშლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ გუშინ მისთვის დამახასიათებელი უუნარობით იმოქმედა.

"ოცნების ხელისუფლება ვერ უმკვლავდება ქვეყნის მართვას, მან გუშინ დაუშვა ისეთი მოვლენაც კი, რამაც სრულიად საქართველო აღაშფოთა და ეს გააკეთა მისთვის დამახასიათებელი ქაოტურობით, ზედაპირულობით, უუნარობით. არ ვთხოვ კობახიძეს გადადექი-მეთქი, მგონია რომ ამ პროცესების შემხედვარე ადამიანისთვის უხერხულიც კი არის რამე ამდაგვარ ელემენტარულზე მიუთითოს თანამდებობის პირებს, რომელთა მოქმედებების გამოც მივიღეთ ის სურათი, რაც მივიღეთ გუშინ", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

20 ივნისს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო და 19 ივნისს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. 

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა. 

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. მათ აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს. 

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადეს. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია უტარდებათ. 

დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები. 

კომენტარები