აქციის დაშლა

მარგველაშვილი დარბევაზე: მოვუწოდებ ყოფილ თანამებრძოლებს ოცნებიდან, გაემიჯნონ ამ ძალადობას

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მივიდა და გუშინ იქ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.  მარგველაშვილმა ქართულ ოცნებას მოუწოდა გაემიჯნონ ძალადობას. 

"დღეს არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ, სადაც 30 წლის წინ, რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. გუშინ ღამეც აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა.  30 წლის წინ აქ იდგნენ ქართველი პოლიციელები, მაშინ მილიციელები ერქვათ და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს. ჩვენ დღემდე მათი მადლობელი ვართ. 30 წლის წინ, შემდეგ დღეს აი აქ დაიწვა კომუნისტური პარტიის მანდატები. დღეს, როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს. იცავენ საქართველოს ღირსებას. იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს არ გაუვათ, რომ ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა. რუსული დროშა არასდროს არ იფრიალებს ამ პარლამენტზე. მე მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს ქართული ოცნებიდან  გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების და პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია დემონსტრანტების და პოლიციელების მიმართ," - თქვა ყოფილმა პრეიზდენტმა. 

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, თუ ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა და უნდა გადადგენენ თუ არა ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია, ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება დღეს მისი საქმე არ არის. 

"მე არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ არის დღეს ჩემი საქმე პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება. ამ მოთხოვნებს აყენებს ოპოზიცია. მე მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რასაც ჰქვია, საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას, საქართველო არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს პარლამენტში," - ამბობს მარგველაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქცია პარლამენტის შენობასთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები