აქცია პარლამენტთან

ესტონეთის საელჩო: ვაღიარებთ იმ ტკივილს, რასაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის

"როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებად იქცევა, ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით, საქართველო. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოს პარლამენტთან. ვაღიარებთ იმ ტკივილს, რასაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ყველა მხარეს სიმშვიდისაკენ და თავშეკავებისაკენ მოვუწოდებთ, რათა ყოველთვის კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდნენ." ასე გამოეხმაურა გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ესტონეთის საელჩო ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქცია პარლამენტის შენობასთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო.

კომენტარები