კობახიძის გადადგომა

თალაკვაძე: კობახიძემ გადადგომით მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხიმგებლობა თავის თავზე აიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადადგომის გადაწყვეტილებით, მთელი გუნდის პასუხიმგებლობა თავის თავზე აიღო. 

მისი თქმით, კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო.

"ბატონმა ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ მაღალი პასუხიმგებლობის, რომელსაც ეს ადამიანი თავის პოზიციაზე და პოლიტიკაში ატარებდა და გაატარებს მომავალშიც. რაც შეეხება შემცვლელს და კანდიდატურას, მე ძალიან მიმძიმს ახლა, ამ მომენტში ამაზე საუბარი. ვინაიდან ირაკლი კობახიძე არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ის პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო. მან ფაქტობრივად მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხიმგებლობა აიღო თავის თავზე"- აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. ამის შესახებ ოცნებაში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას წარადგენენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქციის მონაწეილეების მოთხოვნებს შორის იყოს ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას გადადგომა.

აქცია პარლამენტის შენობასთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო.

რუს დეპუტატებს შორის იყო, სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და მას 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბერს გახდა. მანამდე ის პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრია იყო, 2015 წლიდან.

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს. ირაკლი კობახიძის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილია

კომენტარები