20 ივნისის აქცია

საპატრიარქო: არამართებული მოწოდებებით მშვიდობიან მიტინგს სახიფათო სახე მიეცა

ტბელ აბუსერიძე

"არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა" - საქართველოს საპატრიარქო პარლამენტის წინ აქციის ძალადობრივად დაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თქმით, "დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები".

"ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა.

ვფიქრობთ, საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა  მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რათა საზოგადოებას არსებული ვითარების  გააზრების საშუალება მიეცეს, შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა და პროცესებმა სამოქალაქო დაპირისპირების სახე არ მიიღოს.

ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენმა ხალხმა ეს გამოწვევები დაძლიოს და მათ ღირსეული პასუხი გასცეს" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

20 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა.

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს.

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 - პოლიციელი. საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია ჩაუტარდა. ერთი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

კომენტარები