ქუცნაშვილი: მე რა კადრებიც ვნახე, მოქალაქეებზე ძალადობა არ ყოფილა, იმედს ვუყურებდი

ტაბულა

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის, რაც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მოხდა, მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ძალადობრივი მოწოდებები სწორედ მათ გააკეთეს. 

დეპუტატი ამბობს, რომ მას არც სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა უნახავს, ვინაიდან ტელეკომპანია იმედს უყურებდა. 

"ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინც გააკეთა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ვინც გამოიწვია აგრესია პოლიციაზე. მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას ოპოზიციის ქმედებებზე. საკმარისზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ მე. ოპოზიციის საქციელზე მე პასუხისმგებლობას როგორ ავიღებ. ოპოზიციამ გააკეთა უკანონო მოწოდებები, მათ გააკეთეს პარლამენტში შეჭრის შესახებ განცხადებები და ამაზეც ზაქარიამ აიღოს პასუხისმგებლობა? 

მე რაც ვნახე, ყველა კადრი არ მინახავს, მე რაც ვნახე, იქ ძალადობა არ იყო. მე ვუყურებდი ტელეკომპანია იმედს, შესაბამისად, პირიქით, პოლიცია სამი საათის განმავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, როგორ იქცეოდნენ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების წაქეზებით", - თქვა დეპუტატმა. 

20 ივნისს პარლამენტთან ანტირუსული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დემონსტრანტების ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშლა მოჰყვა. 

მოქალაქეების პროტესტი თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია. გავრილოვი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა. ის ამ ასამბლეის თავმჯდომარეა. გავრილოვს 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს, 20 ივნისს კი სამუშაოს სხდომები პარლამენტის შენობაში გაგრძელდა. გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. 

მოქალაქეები ამის გასაპროტესტებლად ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათი და ოპოზიციის პროტესტის შედეგად იქ ასამბლეის სხდომა ჩაიშალა და სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. დემონსტრანტებმა სწორედ აქ გადაინაცვლეს. ასამბლეის სხდომის დასრულების შემდეგ გავრილოვი კვერცხების და წყლის ბოთლების სროლით და გინებით გააცილეს, შემდეგ კი პარლამენტთან გადმოინაცვლეს, რათა მმართველი გუნდის პოლიტიკა გაეპროტესტებინათ. 

აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსებიც გამოვიდნენ. 

მოთხოვნები ასეთი იყო: ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის გადადგომა. 

აქციაზე შეკრებილების ნაწილი სკანდირებდა, რომ პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ და კობახიძის გადადგომა იქ გაეგრძელებინათ. 

პოლიტიკოსებმა მმართველ გუნდს მათ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის 1-საათიანი ვადა მისცეს. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მათ პასუხი არ გასცა, გიგი უგულავამ თქვა, რომ მმართველ გუნდს 12 საათამდე დალოდებოდნენ და შემდგომი ნაბიჯები მოეფიქრებინათ. 

თუმცა, ნიკა მელიამ მაშინვე მოუწოდა შეკრებილებს, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილს სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები, ფარები და ხელკეტები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, თუმცა, სწორედ ამ დროს გაუშვა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობოდა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც. 

ესროდნენ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ და პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, არამედ განურჩევლად ყველას, მათ შორის, გაქცეულებს, დამიზნებით და ახლო მანძილიდან. 

კომენტარები