აქცია პარლამენტთან

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციების დროს?

ტბელ აბუსერიძე

როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციებზე? ტაბულა გთავაზობთ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის ინსტრუქციებს.

რა უნდა გააკეთოთ?

  • წინასწარ დაგეგმეთ: მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი. იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ. იცოდეთ, თუ როგორ მიიღოთ დახმარება. დაკარგვის შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ, თუ როგორ იპოვნოთ აქციაზე თანმხლები პირები.
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფოკუსირდით: როცა ვითარების დაძაბულობა პიკს მიაღწევს, გაფრთხილების ნიშანზე სწრაფად უნდა იმოქმედოთ და არა გვიან.
  • ყურადღება მიაქციეთ თქვენში ან სხვებში ფიზიკური ან მენტალური პრობლემების ნიშნებს. დაამშვიდეთ ისინი, ვინც პანიკის ნიშნებს ავლენენ.
  • ჩაიწერეთ: გადაიღეთ ან ჩაიწერეთ პოლიციის ქმედებები, მათი სისასტიკე და მათ მიერ მიყენებული დაზიანებები.

რა არ უნდა გააკეთოთ?

  • აქციაზე წასვლისას სხეულზე არ წაისვათ ვაზელინი, მინერალური ზეთი ან ზეთისგან დამზადებული მზისგან დამცავი სითხე, რადგან მათ ქიმიური ნივთიერებების მოზიდვა შეუძლიათ.
  • ნუ გაიკეთებთ კონტაქტურ ლინზებს, რადგან მის ქვეშ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრით თვალი გაღიზიანდება.
  • არ გაიკეთოთ ისეთი რამ, რაც მარტივად ხელჩასავლებია (სამკაული, ჰალსტუხი, ასევე ნუ გაიშლით თმებს და ა.შ.)
  • ნუ წახვალთ მარტო. თუ შეგიძლიათ, წადით თქვენთან დაახლოებულ ჯგუფთან ან მეგობრებთან ერთად.
  • არ დაგავიწყდეთ კვება და დიდი რაოდენობით წყლის სმა.

რა უნდა ჩაიცვათ?

  • არამტვრევადი საცურაო სათვალე და N95 მოდელის სახის ნიღაბი, გაზის საწინააღმდეგო პირბადე, არამსხვრევადი სათვალე და ა.შ.
  • კომფორტული ფეხსაცმელი, რომლითაც არ გაგიჭირდებათ სირბილი.
  • ქიმიური ნივთიერებების გამოშვების დროს ცხვირ-პირის დასაფარად დაგეხმარებათ წყალში, ლიმონის წვენში ან ძმარში ამოვლებული ბენდენა.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ტანისამოსმა ქიმიური ნივთიერებები შეიწოვა, თან წაიღეთ პოლიეთილენის პარკში ჩადებული გამოსაცვლელი ტანისამოსი.
  • ქუდი, რომელიც მზისგან და ქიმიური ნივთიერებებისგან დაგიცავთ.

რა უნდა წაიღოთ?

  • პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული წყალი დასალევად, თვალებისა და სხეულის დასაბანად.
  • ენერგიის მომცემი წასახემსი.
  • იდენტიფიკაციის ბარათი ან/და სასწრაფო საკონტაქტო ინფორმაცია.
  • საკმარისი ფული, რათა საკვების, ტრანსპორტისა და სხვა საჭიროებების გადახდა შეძლოთ.
  • საათი, კალამი, ფურცელი, რათა აღწეროთ მოვლენები.
  • ინჰალატორი, ეპიპენი, ინსულინი და რამდენიმე დღის სამყოფი წამალი.
  • მენსტრუალური საფენი - თავიდან აირიდეთ ტამპონები, რადგან დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი გამოცვლის უფლება არ გქონდეთ.
  • პირველადი დახმარება.
  • სველი სალფეთქები და პირსახოცები.

როგორ გავუმკლავდეთ ცრემლსადენ გაზს?

  • მოერიდეთ ზეთის ან ლოსიონის გამოყენებას, რადგან ქიმიური ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში ის მარტივად შეიწოვება ზეთიან ან ლოსიონიან კანზე და ახანგრძლივებს ზემოქმედებას.
  • იმ შემთხვევაში, თუ გაზის პირბადეს კარგად მოირგებთ ის საუკეთესოდ დაიცავს სახეს (ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ ბენდენა, საცურაო სათვალე, რესპირატორები).
  • სიმშვიდე შეინარჩუნეთ - პანიკა გაღიზიანებადობას ზრდის. ისუნთქეთ ნელა და გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს.
  • შეეცადეთ, რომ ნერწყვი არ გადაყლაპოთ. მოიხოცეთ ცხვირი, გამოივლეთ პირის ღრუ, დაახველეთ და გადააფურთხეთ.
  • თუ გიკეთიათ კონტაქტური ლინზები, მოიხსენით ან ვინმე დაიხმარეთ ამაში, ვისაც სუფთა და დაუბინძურებელი ხელები ექნება. ლინზების მოხსნის შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ ის.
  • არ დაიზილოთ თვალები.
  • გამოიყენეთ თვალის წვეთები, რომელიც ნახევრად წყალს და ნახევრად ანტაციდს შეიცავს.

იცოდეთ თქვენი უფლებები

  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება: ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი ქუჩაში გაიტანოს.
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა: სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ მათ და არ შეზღუდონ მშვიდობიანი საჯარო შეკრება.
  • ძალაუფლების გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევაში: არაძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ძალის გამოყენებას თავი უნდა აარიდოს.
  • სამედიცინო დახმარების უფლება: თუ დაშავებული ხართ, გაქვთ უფლება, რომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება აღმოგიჩინონ.
  • თვითნებური დაკავების შემთვევაში: დაკავების დროს უფლება გაქვთ, გითხრან რისთვის გაკავებენ, ასევე დაკავების შემდეგ გაქვთ უფლება, დაუკავშირდეთ ადვოკატსა და თქვენს ოჯახს.
  • გასაჩივრების უფლება: თუ თქვენი უფლებები დაარღვიეს, გასაჩივრების უფლება გაქვთ.

კომენტარები