რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

ბრძანება სახელწოდებით "ცალკეული ზომები რუსეთის ფედერაციის ნაციონალური უსაფრთხოების და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დანაშულებრივი და სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის შესახებ" კრემლის საიტზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს ეძლევათ რეკომენდაცია აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.

პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამდე გავრცელდა პრემიერმინისტრ მედვედევის კომენტარი, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას არაპროფესიონალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში მოსკოვი ტურისტებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით გააფრთხილებს.

კომენტარები