მეუფე იაკობი სპეცრაზმელზე: ჟინით ისროდა და თავისას მიიღებს აუცილებლად, იპოვიან და მომიყვანენ

ტვ პირველი

საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ აპირებს პასუხი აგებინოს იმ სპეცრაზმელს, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თავად დარეკა და განცხადების გაკეთება ისურვა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე. მან თქვა, რომ არც ახალგაზრდებს ამტყუნებს და არც პოლიციას, მაგრამ არ ესმის რატომ ესროლეს რეზინის და კაუჩუკის ტყვიები.

"მე მაინც მასე არ ვფიქრობ [გახარიას გადადგომაზე]. ეტყობა სპეციალური დანიშნულების რაზმი რაცაა, სპეცრაზმს ვეძახით ჩვენ, ხო? დიდი ხანი ითმენდნენ, ითმენდნენ, ითმენდნენ და ეტყობა რაღაც პერიოდში ვეღარ მოითმინეს და ის რაღაცეებიც გააკეთეს, რისი ბრძანებაც არ ჰქონდათ. მე არავის გამოყვანა, "გაპრავება" არ მინდა. მაგრამ ერთ რამეს ვუყურებდი რა... ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ზემოდან ჟინით ესროდა, დაფიქსირებულია ეს. თავისიანმაც აუკრა თუ გახსოვთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადამიანი დაიცვას. მე როგორც ვიცი, ის ადამიანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, რაღაც ძალიან დიდი გადაცდომა მოუვიდა - არ ვიცი რა, მაგრამ შემიძლია გავიგო. და მერე ჩვენს პერიოდში, როდესაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მერე აღადგინეს და კი ვნახეთ, ისე ისროდა, თითქოს ირმებს ესროდა. მაგი არ უნდა შერჩეს არავის. ეს არ არის არც მინისტრის, არც ვიღაცის დანაშაული. ყველგან არიან მანიაკები საერთოდ. მე მაგას მანიაკად მოვიხსენიებ. მოვძებნი და ვნახავ მაგას და თავისას მიიღებს აუცილებლად. ვერ უშველის ის, რომ რაღაც სტრუქტურაში არის გაწევრიანებული, მაგის პირობას ვაძლევ ყველას", - თქვა მეუფე იაკობმა.

ამის შემდეგ ჟურნალისტი დაინტერესდა რას აპირებს სასულიერო პირი. გთავაზობთ დიალოგს:

ჟურნალისტი: თქვენ აპირებთ რომ ის იპოვოთ?

მეუფე იაკობი: მე კი არ ვაპირებ, მიპოვიან და მომიყვანენ.

ჟურნალისტი: და რას აპირებთ, რას გააკეთებთ?

მეუფე იაკობი: თვალგამოთხრილი გოგო რასაც იტყვის, იმას მიიღებს ის, აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე.

ჟურნალისტი: ეს სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება, ალბათ გეცოდინებათ...

მეუფე იაკობი: აცდეს, მაგრამ ის გოგონა რასაც იტყვის, მე მზად ვარ პასუხი ვაგო, რასაც ჩავიდენ.​ მე უშუალოდ მაგაზე მაქვს, სხვაზე ვერ დავინახე ვერვისზე და მაგაზე დავინახე, რომ სიტკბოებით ისროდა. ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი. შეიძლება მაგი მსახურებდეს? ჯობია მე დავისაჯო და მაგან თავისი მიიღოს.

კომენტარები