საქართველო და რუსეთი

ოცნების მმართველობისას ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას, ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება იყო.

“ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის საბაზრო ეკონომიკის დაბრუნება ჩვენთვის. გლეხი რომ ღვინოს გააკეთებს კახეთში... ძაან ბევრი ვიცი, ბევრმა გაჩეხა, იმიტომ, რომ იმის მოვლა, პატრონობა, შხამ-ქიმიკატები… არ აქვს იმ გლეხს იმის საშუალება, რომ შეინახოს ეს ღვინო. რაც გაკეთდა ის ღვინო ევროპაში წავიღოთო, ვის რად უნდა ჩვენი ღვინო ევროპაში?” - აცხადებდა კახი კალაძე 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, ქართული ოცნების ლიდერები რუსეთის ბაზარს ხშირად მოიხსენიებდნენ დადებით კონტექსტში.

“რუსეთის ბაზარზე თავს იკლავს მთელი მსოფლიო. მთელი ევროპა თავს იკლავს, რომ რუსეთის ბაზარზე პოზიცია ჰქონდეს და ჩვენ გვიკიჟინებენ, რომ - "არა, არ გინდათ ეს" - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს.

ოცნების მმართველობისას, მართლაც, რუსეთის ბაზარი 2006 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა ქართული პროდუქციისთვის 2013 წლიდან, რასაც რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობა და შესაბამისად, ეკონომიკის დამოკიდებულების ზრდაც მოჰყვა.

მაგალითისთვის, თუ 2013 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 6.55% იყო, 2018 წელს რუსეთში ქართული საექსპორტო საქონლის 13% გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, თუ 2013 წელს საქართველოში შემოსული იმპორტული საქონლის 7.2% შემოდიოდა რუსეთიდან, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 10.2%-მდე გაიზარდა.

ეს იმ პირობებში, როდესაც 2016 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა, რის მიუხედავად, 2016 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში გატანილი საქონლის წილი მთლიან ექსპორტში იკლებს, დსთ-ში გატანილისა კი იმატებს.

ბოლო დროს, მთავრობა თავს იწონებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით - "ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, უახლეს ისტორიაში, რომელმაც შეძლო და სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეამცირა ორჯერ." - ამბობდა მამუკა ბახტაძე მაისში.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ქვეყანაში ფულის შემოდინების და გადინების ერთ-ერთი მთავარი საზომია. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი სამ კრიტერიუმად იყოფა: პირველი საგარეო ვაჭრობის, ანუ საქონლითა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ბალანსია. მეორე - შემოსული და გასული საინვესტიციო შემოსავლების ბალანსი. ეს, ერთი მხრივ, პლუსის სახით ასახავს ქართველი ინვესტორების მიერ უცხოეთში მიღებულ შემოსავლებს, მინუსით კი იმ შემოსავლებს, რაც უცხოელმა ინვესტორებმა მიიღეს საქართველოში. მიმდინარე ანგარიშის მესამე კრიტერიუმი ცალმხრივი გადარიცხვების და გადმორიცხვების ბალანსია. ამაში შედის როგორც უცხოური დახმარება და გრანტები, ისევე ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული ფული მათი ახლობლებისთვის.

2018 წელს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესების ძირთადი განმაპირობებელი მომატებული მოთხოვნა იყო მომსახურებაზე, რაც რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების ზრდის ხარჯზე მოხდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს დაახლოებით 720 000 ტურისტით მეტი ეწვია, ვიდრე წინა წელს. ნამატის ყველაზე დიდი წილი, კერძოდ კი 37,4% რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე მოდიოდა.

მიმდინარე ანგარიშის დანარჩენ კრიტერიუმებს რაც შეეხება, გასულ წლებში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციებიც გაიზარდა და პირდაპირი ფულადი გზავნილებიც. 2014 წელს, რუსეთიდან რეკორდულად მაღალი, 88 მილიონი აშშ დოლარის რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. მომდევნო ორი წლის მანძილზე რუსეთიდან შემოსული ინვესტიციები იკლებდა, თუმცა გასული სამი წლის მანძილზე კვლავ მზარდია.

ამავდროულად, რუსეთიდან შემოდის ყველაზე დიდი რაოდენობით ცალმხრივი გადმორიცხვები. ამის მიზეზი მარტივია - ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთშია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გადმორიცხული ფულის წილი მთლიან ფულად გზავნილებში მცირდება და ქართული ოცნების მმართველობის საწყის წლებში ნომინალურადაც იკლებდა, გასული წლების მანძილზე ტრანსფერების ნომინალური რაოდენობა მზარდი იყო - 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 389 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2018-ში კი 451 მილიონი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები