რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

სალომე ზურაბიშვილი: ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ჩამოსვლა, რადგან მათ უყვართ საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილთან Euronews-თან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს კითხა, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, როგორ ხედავს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარებას.

"ეს ჩვენი გზაა, ჩვენ გვაქვს ერთი გზა და ეს არის ევროკავშირი. მოსკოვთან დაძაბულობა არსებობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მილიონ ნახევარი ტურისტის ჩამოსვლას ამ ქვეყანაში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ტურისტებსა და მოსახლეობას შორის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პუტინმა 8 ივლისიდან ავიაკომპანიებს საქართელოში ფრენა აუკრძალა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხა რა არის მისი პასუხი პუტინის გადაწყვეტილებაზე.

"პასუხი არის ის, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ჩამოსვლა, რადგან მათ უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, რომლებიც მომხდარის გამო არის ფსკერზე. ამ პრობლემების მოგვარება ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას და ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე და იმ მშვიდ გარემოზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად საქართველოში არსებობს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხა, რას ხედავს ის შემდეგ ნაბიჯებად.

"ჩვენ უნდა დავიწყოთ დეესკალაცია, რადგან არც საქართველოს და არც ევროკავშირს არ ჭირდება ახალი დაძაბულობის კერა ფართო რეგიონში. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით - დაძაბულობების შექმნის მცდელობებს მშვიდობიან პასუხებს გავცემთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები