20 ივნისის აქცია

რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

"აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა",- ამ მოთხოვნით "სამოქალაქო მოძრაობამ" პეტიცია შექმნა.

საერთო ჯამში, 20 000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. პეტიციას ხელი, 2000 ადამიანმა უკვე მოაწერა.

"დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა ისეთი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს.

პოლიციის შესახებ კანონის მე-12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია გამოიყენებოდეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში არსად არის ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი - "არალეტალური იარაღი," პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა."- წერია განცხადებაში.

როგორც ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, ამ დროისთვის, თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში რჩება 28 პაციენტი. მათგან 2-ის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. კლინიკებში მყოფ პაციენტებს შორისაა 2 პოლიციელი, 3 ჟურნალისტი და 23 მოქალაქე.

20 ივნისს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა.

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს.

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

კომენტარები