ანტისაოკუპაციო აქცია

ხოშტარია მერიას: სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები და სცენა, თორემ უფრო მწვავე პროტესტს მიიღებთ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისის მერიას მიმართავს და წაღებული სცენისა და ჯებირების სასწრაფოდ დაბრუნებას მოითხოვს. 

მისი თქმით, კახა კალაძე ცდილობს აქციაზე მყოფ პროვოკატორებს სცენასთან ასვლის საშუალება მისცეს. 

"ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს ჯებირები, რომლის მოტანის ვალდებულებაც აქვს მერიას, მათ არ აწყობთ, იმიტომ რომ ისინი აგზავნიან პროვოკატორებს სცენასთან ახლოს, რომ აურიონ სიტუაცია. ჩვენ გუშინ გამოვავლინეთ არაერთი პროვოკატორი სახელით და გვარით, რუსთავის, რაჭის, თბილისის ახალგაზრდული ქართული ოცნების ორგანიზაციის წევრები. რომლებიც ყველაფერს ცდილობდნენ, რომ მისულიყვნენ სცენასთან ახლოს, რადგან ისინი ვერ მივიდნენ და ადამიანებმა მშვიდობიანად გაიყვანეს ისინი ადგილიდან, დღეს მას კომფორტი შეუქმნეს პროვოკატორებს და ჰგონიათ რომ ჯებირების გარეშე რაღაცა გამოუვათ. პირდაპირ გეუბნებით, არაფერი გამოგივათ გარდა იმისა რომ დააკმაყოფილოთ ხალხის მოთხოვნები, გადადგეს გახარია და დაიწყოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა და სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები, სასწრაფოდ დააბრუნეთ ადამიანების კუთვნილი სცენა, ჟურნალისტების კუთვნილი სცენა და გონს მოეგეთ, იმიტომ რომ მიიღებთ კიდევ უფრო მტკიცე პროტესტს და კიდევ უფრო სწრაფად და მტკივნეულად მოგიწევთ მოთხოვნების შესრულება", - ამბობს ხოშტარია.

დაახლოებით, ერთი საათის წინ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თბილისის მერიამ ღამე ტექნიკა და სცენა მოიპარა. 

ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიამ, პარლამენტის წინ არსებული ტექნიკისა და სცენის წაღების შესახებ "თბილსერვის ჯგუფის" განცხადება გაავრცელა.

მათი თქმით, ტერიტორიის დასუფთავებისას კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს.

"ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ. "თბილსერვის ჯგუფმა" დღეს გეგმიურად დაასუფთავარუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, "თბილსერვის ჯგუფს" ის არ დახვედრია ადგილზე. 

გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ "თბილსერვის ჯგუფის" მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება. რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე", - წერია განცხადებაში.

კომენტარები