აშშ-ირანი

ტრამპი ირანს ახალ სანქციებს უწესებს და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუმცა სურს მიაღწიონ შეთანხმებას, რათა ქვეყნის დასუსტებულ ეკონიმიკას დაეხმარონ.

"ჩვენ ამას ვუწოდებთ "გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული." თქვა ტრამპმა, თუმცა აღნიშნა, რომ სამხედრო ქმედებები კვლავ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ირანმა აშშ-ის დრონი ჩამოაგდო, ხოლო მოგვიანებით ტრამპმა თქვა, რომ საპასუხოდ ირანზე სარაკეტო თავდასხმას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა, რადგან შესაძლებელი იყო შედეგად 150-მდე ადამიანი დაღუპულიყო. სანაცვლოდ აშშ-მა ირანის სამხედრო სისტემებზე კიბერ-თავდასხმა განახორციელა.

ირანის რევოლუციური გვარდია და საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნებიან, რომ დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით აშშ-ს შეუძლია დაამტკიცოს, რომ დრონი საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა.

უკანასკნელ პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. დონალდ ტრამპმა გასულ წელს ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და სანქციები ხელახლა დააწესა. პასუხად ირანის მთავრობამ თქვა, რომ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას გააგრძელებდა. აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განცხადება გააკეთა სპარსეთის ყურეში ბომბდამშენების და ავიამზიდის გაგზავნის შესახებ. ორშაბათს კი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში თქვეს, რომ რეგიონში დამატებით 1,000 სამხედროს გაგზავნიან.

გარდა ამისა, გასულ კვირას ომანის ყურეში ორ ნავთობტაკნერზე აფეთქება მოხდა. აშშ-ის ფლოტის მიხედვით ნაღმები ირანულს ჰგავს. მანამდე აფეთქება კიდევ ოთხ ტანკერზე მოხდა, რაშიც ბოლტონმა ასევე ირანი დაადანაშაულა. ირანი მომხდართან კავშირს უარყოფს.

გასულ კვირას აშშ-მა ირანი მათი დრონის ჩამოგდების მცდელობაში დაადანაშაულა, რომელიც მათი თქმით ერთ-ერთ ტანკერს აკვირდებოდა, რომელზეც თავდასხმა მოხდა.

გასულ კვირას იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა აშშ-ის MQ-9 Reaper დრონი ჩამოაგდეს.

კომენტარები