თალაკვაძე აქციის მოთხოვნებზე: ჩვენ უკვე გვქონდა არაერთი საპასუხო რეაქცია

facebook.com/talakvadze

ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სიცრუეში დაადანაშაულა. მას არაფერი უთქვამს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეს ამის შესახებ კითხვა დაუსვეს.

"მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გვქონდა არაერთი საპასუხო რეაქცია და პოლიტიკური განცხადება. ასევე, იცით, რომ ხვალ იწყება უკვე ახალი პოლიტიკური კვირა, არის საპარლამენტო სასესიო კვირა და დამატებითი განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები გაკეთდება ამ საკითხებთან დაკავშირებით" - თქვა თალაკვაძემ.

პარლამენტთან ოთხი დღეა, მიმდინარეობს აქცია - "სირცხვილია". თავდაპირველად, აქცია სერგეი გავრილოვის პარლამენტში მიყვანის გამო დაიწყო. დემონსტრანტები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქცია ძალადობრივად დაშალა, ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადააყენა, თუმცა, დემონსტრანტების მოთხოვნები შეიცვალა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს. ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ქართულ ოცნებას არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. 

კომენტარები