გიორგი გახარიას გადადგომა

თამარ ჩუგოშვილი: გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვხედავთ

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ჩუგოშვილმა, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მან, 20 ივნისს პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების პოლიციის მიერ დაშლასა და გიორგი გახარიაზე ისაუბრა.

"ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში და ყველაზე მძიმე, ჩემთვისაც პირადად და ალბათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, პირველ რიგში იყო ის რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება, სწორედ იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, ეს რის ყველაზე მძიმე, რომ შეუძლებელი გახდა ძალის გამოყენების თავიდან აცილება, ეს არის რეალობა. რაც შეეხება ძალის გამოყენების დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც მანამდე განვითარებული მოვლენები, ასევე შემდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები, ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პირველ რიგში სამართლებრივი პასუხი და ეს სამართლებრივი პასუხი გაეცემა ღიად, გამჭვირვალედ და ისე რომ კითხვები არ დარჩება არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული.

აქ არის სამართლებრივი პასუხები საჭირო, აქ არის კონკრეტული პირების, ვისი ბრალეულობაც დადგინდება სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა საჭირო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ის გადადგა თანამდებობიდან და ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მთლიანად ქვეყნის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება უახლოეს მომავალში, ეს არის ჩვენი პასუხი. ძალის გამოყენების შემთხვევებში, სადაც იყო არაპროპორციულობა, მათ შემთხვევებს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ეს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება აგებს პასუხს", - თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა [ქართული ოცნება] გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა "არ ვხედავთ".

კომენტარები