ხათუნა გოგორიშვილი

გოგორიშვილი: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ დადგება რიგი შუშის სასახლის კართან

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს, რომ იმისთვის, რათა 2020 წელს პროპორციული სისტემა შევიდეს ძალაში, პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

"ბიძინა რა ბიძინაა, რომ პატარა მაიმუნობები არ ჩაედო. რა თქმა უნდა, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ გამოაცხადებენ ახალი პარტიების შექმნას და დადგება რიგი შუშის სასახლის კართან, მაგრამ ნამდვილად ვერ უშველის ეს ბიძინა ივანიშვილის. ახალი პატრიოტთა ალიანსი საქართველოში არ შეიქმნება და ამის გარანტია არის ის ხალხი, რომელიც ამდენი დღეა აპროტესტებს ხელისუფლების დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი. რამდენი პარტიაც არ უნდ შექმნან, ყველა ყველას იცნობს საქართველოში და ყველამ იცის ვის რა პრინციპები და ფასეულობები აქვს. რამდენი პარტიაც არ უნდა შექმნან ან შექმნილი არ უნდა იშოვონ, ერთ რამეში ვარ სრულიად დარწმუნებული - ვერ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოდნავ მაინც, ცალ თვალს გააპარებს რუსეთისკენ, ვერ იქნება მხარდაჭერილი საქართველოს მოსახლეობის მიერ და ვერანაირად მოიპოვებს თუნდაც ერთი მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობას. პროდასავლური პარტიები, საღად მოაზროვნე და ჯანმრთელი ადამიანი რაც უფრო მეტი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი", - თქვა გოგორიშვილმა.

მისივე განმარტებით, შემოთავაზებული ინიციატივის დეტალებზე ჯერ მსჯელობა რთულია და ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობისას გამოჩნდება. მათ შორის ის, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი ნიშნავს თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები არ შეიძლება ბლოკებში გაერთიანდნენ.

თუმცა, დეპუტატმა დასძინა, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს ევროპული საქართველოსა და თავისუფალ დემოკრატების პარტნიორობაზე.

"აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროცესში, რადგან ქართული ოცნება არის ცნობილი მატყუარების გუნდი, რომელიც ერთს ამბობს და შემდეგ მეორეს აკეთებს. ბოლო დღეებში ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ის, რომ გააკეთეს დღეს განცხადება პროპორციულზე გადასვლაზე, სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად ჩაიწერება კანონში. რა თქმა უნდა ამას უნდა თვალის მიდევნება კი არა, ჩაქუჩებით თავზე დადგომა და გაძლევთ პირობას, რომ ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ", - თქვა მან.

ხათუნა გოგორიშვილისთვის ასევე გაუგებარია, რატომ იწყება პროცესი მომავალი კვირიდან. პარტია მსჯელობის მიმდინარე კვირაშივე დაწყებას მოითხოვს.

"გასაგებია, რომ თალაკვაძის გათავმჯდომარეობა ბიძინასთვის ტკბილი ძილის გარანტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი კვირა არ უნდა ვიმუშაოთ ამაზე", - აღნიშნა მან.

კომენტარები