პროპორციული სისტემა

ბოკერია პროპორციულზე: ნუ შეეცდებიან უცოდინარობით ან გამიზნულად წარმატების გაფერმკრთალებას

"ეს არის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელსაც მიაღწია ქართულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა,“ - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აფასება და ამბობს, რომ ეს მიღწევა არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგობის გატეხვა. დეპუტატი ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა 3%-იანი ან 5%იანი ბარიერი ყოფილიყო, თუმცა ეს პრინციპულად არ ცვლის იმ გამარჯვებას, რომელიც მიღწეულია.

„ეს არის მათი გამარჯვება, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში მშვიდობიან პროტესტს ახორციელებდა მთელ საქართველოში და თბილისში რუსთაველის გამზირზე. იმ ადამიანების, ვინც პირველ ღამეს დაშავდა კრიმინალურად ძალის გამოყენებისას შსს-ს მხრიდან, ეს მათი ყველას წარმატებაა. რაც მთავარია, ნურავინ ნუ შეეცდება ახლა ან უცოდინარობით, ან მითუმეტეს გამიზნულად, ამ წარმატების გაფერმკრთალებას. რა თქმა უნდა, ნულოვან ბარიერს, ჩემი აზრით სჯობს, რომ ბარიერი იყოს 3%-იანი ან 5%იანიც კი, მაგრამ ეს პრინციპულად არ ცვლის იმ გამარჯვებას, რომელიც მიღწეულია. ეს არის პრინციპული გარდატეხა დემოკრატიული ტრადიციის თვალსაზრისით და მოქალაქეთა მხრიდან სამოქალაქო ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. დღევანდელი ამბავი არის ივანიშვილის რეჟიმის ამდენხნიანი წინააღმდეგობის გატეხვა, ამ პრინციპულ საკითხზე და მადლობა ყველა მოქალაქეს ვისაც ამაში წვილილი აქვს, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი, კრიტიკული მასა და ეს არის მათი და დემოკრატიის მონაპოვარი,“- ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ამ მიღწევით დღის წესრიგიდან არ იხსნება გახარიას გადადგომის საკითხი და მან აუცილებლად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარ მოვლენებზე.

„ახლა რჩება შემდეგი საკითხი, გახარიას გადადგომა, ეს საკითხი არ იხსნება, რადგან ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმ კრიმინალურად, უპასუხიმგებლო ძალის გამოყენებაზე, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს. მაგრამ გამარჯვება მიღწეულია პრინციპულ პოლიტიკურ საკითხში. სამართალმდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იყოს. პროკურატურის მიმართ ნდობა დაბალია, მაგრამ ამაზე სამოქალაქო წნეხი უნდა გაგრძელდეს და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც გამიზნულად ან კრიმინალურად, დაუდევრობით, გადაჭარბებული ძალა გამოიყენა და პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიიღო. ასევე სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული,“ - ამბობს ბოკერია.

რუსთაველის გამზირზე 5 დღიანი აქციების შემდეგ, დღეს ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით და უბარიეროდ ჩატარდება. 

კომენტარები