"ვცდილობ, ძლიერად დავდგე და გადმოგცეთ ეს მუხტი" - 18 წლის გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა

TV Pirveli

18 წლის მაია გომური, რომელმაც პარლამენტთან აქციის ძალადობრივი დაშლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა, დღეს, 24 ივნისს, საავადმყოფოდან გამოწერეს.

"თავს კარგად ვგრძნობ. იყო რთული მომენტები - გუშინ ტკივილით გათენებული ღამე, მაგრამ ახლა ვარ კარგად, იმიტომ, რომ გამოვედი და გხედავთ ყველას და ყველას დანახვა შემიძლია. იმ მძიმე ღამის გახსენება ძალიან რთულია, არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან ის წამი, როცა მომხვდა ტყვია და როცა ჩვენსკენ მომავალი სპეცრაზმი დავინახე - ეს იყო ყველაზე მძიმე კადრი ჩემს ცხოვრებაში და დარჩება ასე, მაშინ მოხდა ალბათ ყველაზე დიდი გარდამტეხი რამ ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობ, რომ ძლიერად დავდე და გადმოგცეთ ეს მუხტი რაც ახლა მაქვს, მყარად ვდგავარ და ვცდილობ, რომ თქვენც დაგანახოთ ეს, არა იმიტომ, რომ თავი მოგაჩვენოთ, არამედ მართლა ასე ვარ", - ამბობს მაია TV პირველთან საუბარში.

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ადამიანები პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლას აპროტესტებდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, ისროლეს რეზინის ტყვიებიც. დარბევა, დაახლოებით, ღამის 12 საათისკენ დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეების დარბევას რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით ცდილობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ.

დაშავებულებს რეზინის ტყვიები მოხვდათ თავში, სახეში, თვალში, ფეხში, ხელში, ზურგში. ზოგ შემთხვევაში ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ ათამდე ტყვიაც კი მოხვდა. 

სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები რეზინის ტყვიებს არა ზემოდან ქვემოთ ისროდნენ, როგორც წესია, არამედ პირდაპირი დამიზნებით. ასევე, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანებს წიხლებს. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ სულ აქციის მონაწილე 305 ადამიანი დაიჭირა. 

კომენტარები