პროპორციული საარჩევნო სისტემა 0%-იანი ბარიერით

პროპორციული საარჩევნო სისტემა 0%-იანი ბარიერით - უპირატესობები, რისკები და პრევენციის გზები

ანა გვარიშვილი
0 კომენტარი

რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანის 4-დღიანმა პროტესტმა ნაწილობრივ შედეგი გამოიღო - ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდება. 

რას ნიშნავს პროპორციული სისტემა და აქამდე რა სისტემა გვქონდა?

არსებული მოდელით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ტარდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან მოსახლეობა 77 დეპუტატს პარტიული სიით ირჩევდა, ხოლო 73-ს - მაჟორიტარულით. პარტიები, ერთი მხრივ, 150-კაციან პარტიულ სიას წარმოადგედნენ და, მეორე მხრივ, თითოეულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. 

ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისას ორ ბიულეტენს იღებდა. აქედან ერთზე ის სასურველ პარტიას ირჩევდა, ხოლო მეორეზე სასურველ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საკუთარი ოლქიდან. შედეგად, 77 მანდატი პარტიებზე მათ მიერ პარტიული სიით მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა, 73 ოლქი კი თითო მაჟორიტარს ირჩევდა. პროპორციული წესით მანდატების მისაღებად არსებული მოდელით საჭირო იყო, რომ პარტიას ხმების 5%-ზე მეტი აეღო. 

2020 წლიდან კი საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის 150-ვე მანდატი პარტიული სიებიდან შეივსება. ამგვარად, პარტიების მიღებული ხმებისა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობა უფრო მეტად პროპორციული გახდება.

მაგალითისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულად რომ ჩატარებულიყო, 5%-იანი ბარიერით, ქართული ოცნება 115-ის ნაცვლად 83 მანდატს მიიღებდა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას გამორიცხავდა. უფრო ძლიერი იქნებოდა ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ხმების 27.11% მიიღო, პარლამენტში 27-ის მაგივრად 50 დეპუტატს შეიყვანდა, ხოლო პატრიოტთა ალიანსს (ხმების 5.01%) 17 დეპუტატი ეყოლებოდა.

რითი სჯობს სრულად პროპორციული სისტემა არსებულ შერეულ სისტემას?

პროპორციული სისტემის შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია, რომელიმე პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატების აღება და, შესაბამისად, ძალაუფლების სადავეების ერთპიროვნულად ხელში ჩაგდება შეძლოს. არჩევნებში გამარჯვებულ, ანუ ყველაზე მეტი ხმის მომპოვებელ პარტიას პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში აუცილებლად მოუწევს სხვა პარტიებთან კომპრომისებზე წასვლა. 

სწორედ ეს არის პროპორციული სისტემის მთავარი პლუსი, რაც ავტომატურად დადებითად აისახება ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე. 

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ნახევრად მაჟორიტარულმა სისტემამ მახინჯი სახე იმის გამო მიიღო, რომ ჩვენ არ გვაქვს ორპალატიანი პარლამენტი, რომლის ფარგლებშიც ზედა და ქვედა პალატა ერთმანეთის დაბალანსებას შეძლებდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ერთპალატიან პარლამენტში შერეული სისტემით დეპუტატების დაკომპლექტება ისეთ ფუნქციას ვერ ასრულებს, როგორსაც ორპალატიან სისტემებში.

 

"პარტია, რომელიც არჩევნებში იმარჯვებს, ანუ იღებს ხმათა უმრავლესობას, როგორც წესი, ფაქტრობრივად ყველა მაჟორიტარულ ოლქსაც იგებს და რეალურად პარტიამ, რომელსაც  შეიძლება, 46%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს, შესაძლოა, პარლამენტში მანდატების ის რაოდენობა მიიღოს, რაც სრული პარლამენტის 2/3-იც კი არის. 

ფაქტობრივად ასეთი ტიპის საარჩევნო სისტემა ამომრჩევლის განწყობებს თანასწორ მანდატებად ვერ გარდაქმნის. ეს მერე სხვა პრობლემებსაც ქმნის. ხელისუფლება რეალურად თამამდება  იმით, რომ მას ძალიან ბევრი დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, მაგრამ მას ამისი შესაბამისი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში. მის მიერ წამოწყებული რეფორმები, რომლებსაც ეს სითამამე სწორედ დეპუტატების სიმრავლით აქვს შეძენილი, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების წინააღმდეგობას იწვევს. როცა ეს წინააღმდეგობა პარლამენტში არ არის, ის პარლამენტს აგრეთ ინაცვლებს და ქვეყანაში კრიზისებს ქმნის. 

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიაზროთ და გავაცნობიეროთ, რომ თუ გვინდა, რომ უმრავლესობით მოსული პოლიტიკური ძალა ისე შებოჭილი იყოს, როგორც ამ პარტიას თავად ბოჭავდა საზოგადოება სხვა პარტიების მხარდაჭერით, ამისთვის აუცილებელია პროპორციული საარჩევნო სისტემისა და საზოგადოებრივი განწყობების მანდატებად თანასწორად გარდაქმნა,"- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობებზე საუბრობს კიდევ ერთი იურისტი დავით ზედელაშვილი. თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მიიჩნევს, რომ ერთპალატიან საპარლამენტო სისტემაში უმრავლესობის ერთპარტიულობის თავიდან აცილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

"ერთპალატიანი პარლამენტით საპარლამენტო სისტემაში, სადაც სასამართლო ხელისუფლებას არ შეუძლია პოლიტიკური შტოების შეკავება, კრიტიკულად აუცილებელია თავიდან ავიცილოთ საპარლამენტო უმრავლესობის ერთპარტიულობა. ამის მიღწევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით არის შესაძლებელი. პროპორციული სისტემა მრავალფეროვანს ხდის პარლამენტს და თავიდან გვაცილებს მთელი პოლიტიკური ძალაუფლების ერთი პარტიული უმრავლესობის ხელში კონცენტრაციას. ბუნებრივი (იგივე 0 % იანი) ბარიერი სრულად გამორიცხავს ერთპარტიულ უმრავლესობას, რაც ამ სისტემის უპირობო სიკეთეა,"- ამბობს ზედელაშვილი. 

რა რისკებს შეიცავს პროპორციული სისტემის ფარგლებში საარჩევნო ბარიერის გაუქმება? 

ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება არ გაუცია. მანვე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის ბარიერი აღარ იარსებებს. 

ეს აქციაზე მდგომი დემონსტრანტების მოთხოვნებში არ ყოფილა, რამაც საფუძვლიანი ეჭვი წარმოქმნა, რომ ივანიშვილი ამ ხერხით 2020 წელს სატელიტი პარტიების შექმნას და მათ პარლამენტში გაყვანას შეეცდება. 

აღსანიშნავია, რომ ბარიერი ფორმალურად უქმდება, ბუნებრივი ბარიერი, რომელიც დაახლოებით, 0.66%-ია, მაინც იარსებებს. შესაბამისად, სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ კითხვაზე "ერთ ხმას თუ ავიღებ მაინც მოვხვდები პარლამენტში?", პასუხია - არა, ერთი ხმით პარლამენტში ვერ მოხვდებით. პარტიას, დაახლოებით, 12 000-დან 15 000-მდე ადამიანის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტში 1 ადგილის მოპოვება მაინც შეძლოს. 

გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ ბარიერის ფორმალური გაუქმება არც ისეთი კატასტროფულია, როგორადაც მას ხატავენ. 

მშვენიერაძე ამბობს, რომ სატელიტური პარტიების პარლამენტში შესაყვანად ბიძინა ივანიშვილს, პირველ რიგში, ამომრჩეველი სჭირდება, რომლის პრობლემაც უდგას მას. 

"ანუ თუკი ვინმე ახერხებს, რომ ამომრჩევლის 1%-ზე ოდნავ ნაკლების მობილიზება შეძლოს, ამ ამომრჩევლის მობილიზებას ის სატელიტ პარტიაში მოახერხებს, თუ ძირითადში, ამას არსებიტი მნიშვნელობა არ გააჩნია. თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს, ის ყოველთვის მოახერხებს მათ მანდატად გარდაქმნასაც. 

რასაც გამოცდილება აჩვენებს, ასეთ საარჩევნო სისტემას ის პრობლემა შეიძლება, ჰქონდეს, რომ თუკი პოლიტიკური სიჭრელე პარლამენტში ფართოდ იქნება წარმოდგენილი, მთავრობის ფორმირებების პროცესში კომპრომისების მიღწევა გაჭირდება, თუმცა, რომ ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი რისკია, ასე არ არის. ჩვენთან იგივე სიტუაცია შეიძლება, მაშინაც დადგეს, თუკი მხოლოდ 3 პარპტია იქნება პარლამენტში. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ დღევანდელი მოცემულობით, ეს რისკი ძალიან დიდია.

თუკი ვინმეს აწყობს, რომ ბარიერი იყოს, ეს ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებსაც სურთ, რომ იმ ამომრჩევლების ხმები, რომლებიც მათი არ იყო, არამედ მიიღეს სხვა, ბარიერს მიღმა მყოფმა პარტიებმა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ბონუსად გაინაწილონ. ამიტომ, მე ვთვლი, რომ დაბალი ბარიერი პირიქით არ არის ისეთი კატასტროფა, როგორადაც მისი წარმოჩენა ახლა ხდება,"- ამბობს მშვენიერაძე. 

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემა სუსტი პარტიული სისტემისა და პოლიტიკური კულტურის პირობებში არასტაბილურობის რისკებსაც მოიცავს, რომელთა შესამცირებლადაც სწორედ საარჩევნო ბარიერი არსებობს. 

 

"პროპორციული სისტემა სუსტი პარტიული სისტემისა და პოლიტიკური კულტურის პირობებში არასტაბილურობის რისკებსაც მოიცავს. არჩევნების პროპორციული ფორმულა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის რადიკალური პარტიებისთვის, რადგან მოტივაციას აცლის "შუა" ამომრჩეველზე ინადირონ, რახან არსებული ამომრჩეველთა ბაზის რადიკალური მობილიზაცია პარლამენტში მოხვედრის უფრო გარანტირებულ გზას აძლევს. ამ რისკების შესამცირებლად არის შექმნილი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ინარჩუნებს მრავალფეროვნებასაც, თუმცა უზრუნველყოფს რომ პარლამენტი ზედმეტად ფრაგმენტირებული არაა რადიკალურ ჯგუფებს შორის ისე, რომ თანამშრომლობა და მთავრობის ფორმირება შეუძლებელი იყოს. 

ეს რისკები განსაკუთრებით აქტუალურდება ბუნებრივი ბარიერის დროს, სადაც ფრაგმენტაციის მეტი შესაძლებლობაა. ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით, სრულად ლოგიკურია სატელიტი რადიკალური პარტიებით პროცესის მანიპულირების საფრთხე, თუმცა ამგვარი "მართვადი ქაოსიც" კი თავისი არსით ერთპარტიულ საპარლამენტო უმრავლესობასთან შედარებით უფრო ნაკლები ბოროტების მომტანია,"- ამბობს ზედელაშვილი. 

ზედელაშვილის თქმით, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის მაქსიმალურ ფრაგმენტაციასა და მოკავშირეების ყიდვას შეეცდება, თუმცა მისივე განმარტებით, ეს მისთვის მნიშვნელოვანი რისკების შემცველია და ამ გზის არჩევა უკვე მიუთითებს მისი პოზიციების შესუსტებაზე. 

"პირველ რიგში ეს იმის აღიარებაა, რომ 5%-იანი (ან თუნდაც 3% -იანი)  ბარიერით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ივანიშვილს არათუ უმრავლესობის მიღების იმედი არ აქვს, არამედ კოალიციის შეკვრის იმედიც არ აქვს შედარებით მსხვილ პარტიებთან. 

ამიტომ ის იძულებით, მაგრამ მაინც უბრუნდება მართვის 2012-2016 წლების ე.წ. "კოალიციურ მოდელს", რომელიც არაკომფორტულობის გამო 2016 წელს ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობით ჩაანაცვლა. ოცნების ამ ორ უფლებამოსილების ვადას თუ შევადარებთ, 2012-2016 წლების ოცნების მთავრობა ცალსახად უფრო ნაკლები ბოროტების მომტანი იყო, რადგან მისი ძალაუფლება ისეთი კონსოლიდირებული არ ყოფილა როგორც ახლა.
მაშინაც კი თუ ივანიშვილი "იყიდის" და ასე შეკრავს სატელიტი პარტიების საპარლამენტო უმრავლესობას, მისი ძალაუფლება მონოლითური ვერ იქნება. როგორც 2012-2016 წლების ოცნების "კოალიციური უმრავლესობის" გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთი ჭრელი და მხოლოდ ფულისა და ძალაუფლებისთვის გაერთიანებული ეკლექტური "გუნდი" რთულად სამართავია. ამ გუნდის წევრებს მუდმივად ახალ-ახალი ამბიციები უჩნდებათ და ოლიგარქსაც მეტი დათმობა უწევს მათ მოსათვინიერებლად იმისათვის, რომ გუნდი შეინარჩუნოს. ცხადია, ეს მის ძალაუფლებას მნიშვნელოვნად ასუსტებს.

ის, რომ ივანიშვილი ბუნებრივი ბარიერის პროპორციულ სისტემაში ახორციელებს ტაქტიკურ უკანდახევას და მისთვის სამართავად უფრო არაკომფორტულ და სარისკო მოდელს ირჩევს, მისი მდგომარეობის სისუსტის გამოვლინებაა. ივანიშვილი შეეცდება, რომ "მართვადი ქაოსის" პირობებში, ერთი მხრივ, არ დათმოს კონტროლი პოლიტიკურ ხელისუფლებაზე მეორე მხრივ კი ამ ექლექტური საპარლამენტო კოქტეილით საზოგადოებას შესთავაზოს საპარლამენტო დემოკრატიის იმგვარი კარიკატურული სანახაობა, რომ საზოგადოება განაწყოს "საპარლამენტო ცირკის" და მისი გამომწვევი პროპორციული სისტემის წინააღმდეგ. საშუალოვადიან პერსპექტივაში, მას ალბათ იმედი აქვს რომ შეძლებს საზოგადოებრივი კონსენსუსის მობილიზებას  შერეულ საარჩევნო სისტემაში დასაბრუნებლად, რაც შესაძლებლობას მისცემს განაგრძოს მისთვის კომფორტული ერთპარტიული მართვა. 

თუმცა, ივანიშვილის ეს სტრატეგია ადვილად განხორციელებადი არ არის. ის ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს და ვერც პარლამენტის ფრაგმენტაციას მიაღწიოს და ვერც რადიკალიზაციას. იდეალურ პირობებში, პროპორციული სისტემა გონივრული  ბარიერით უკეთ აზღვევს ყველა რისკს, თუმცა ბუნებრივი ბარიერიც არ არის ივანიშვილისთვის გარანტირებული და ურისკო გზა ძალაუფლების შენარჩუნებისა. მისი დამარცხება ამ გზაზეც შესაძლებელია, თუმცა ეს პროდასავლური ოპოზიციის მნიშვნელოვან მობილიზაციას და სტრატეგიულ თამაშს მოითხოვს.  ეს არის მთელი ქართული პოლიტიკური კლასის გამოწვევა, რომ მოახდინოს ამომრჩევლის იმგვარად მობილიზაცია, რომ არ დაუშვას არც სახიფათო ფრაგმენტაცია და არც რადიკალიზაცია, აჩვენოს კოალიცური მთავრობის, შეზღუდული და დაბალანსებული საპარლამენტო დემოკრატიის სიკეთეები.   

ცხადია, ივანიშვილს ექნება "ფარული პროგრამა", თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ სტრატეგიულად ერთპარტიული უმრავლესობის მოსპობა უფრო დიდი მიზანია ჩვენი დემოკრატიის განვითარებისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც შეიძლება ბუნებრივი ბარიერის პროპორციულ სისტემას ახლდეს თან,"- ამბობს დავით ზედელაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები