კამპანია

"ეს უკრაინის მხარდაჭერაა" - პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

Reuters

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი ვიდეო მიმართვა მან Facebook-ის საშუალებით გაავრცელა, რომელსაც თან ქართული აღწერა დაურთო: "უკრაინელების გულები ქართველებისთვის ძგერს". 

პოროშენკო წერს, რომ უკრაინელებმა არ უნდა დაივიწყონ მათი ქართველი ძმები და ახლა, როდესაც მოსკოვი საქართველოს ეკონომიკურ დასუსტებას ცდილობს, მათ გვერდით უნდა დაუდგნენ.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მთავრობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით მიმართავს, რომ უკრაინის საერთაოშირო ავიახაზებმა უკრაინასა და საქართველოს შორის ფრენის ბილეთების ფასები შეამციროს. 

"მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ მათ, ვინც ჩვენსავით წლების განმავლობაში ებრძვის რუსულ აგრესიას. მხარდაჭერა საქართველოს ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირო უკრაინას,"- ამბობს პეტრო პოროშენკო. 

21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები თუ სახელმწიფო მოღვაწეები სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს რუსი ტურისტებით გამოწვეული დანაკლისი. 

კომენტარები