სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

ჩიჩუა: მერჩივნა მე ვყოფილიყავი იქ, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა

ტაბულა

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებს ემოციური სიტყვით მიმართა. ჩიჩუა ახალგაზრდებს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ 21 ივნისის ღამით მათი დაცვა ვერ შეძლო.

"მინდოდა, რომ პირველს მომემართა თქვენთვის, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავბედე იმიტომ, რომ ვერ დაგიცავით. ახალგაზრდები ვერ დავიცავი ვერანაირად იმ სისხლიან ღამეს. რასაც მე ტელევიზორში ვუყურებდი, მინდოდა, რომ მე ერთერთი მათგანი ვყოფილიყავი ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა. ნუ იქნებოდნენ სხვები. ძალიან ვღელავ და ძალიან მიჭირს მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ მაშინებდა და არ მრცხვენოდა ხალხის წინ სიტყვის თქმა, რაღაც საქმიანი საუბარი, მოწოდება... არასოდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც სულ სხვა რეალობასთან მაქვს შეხება. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც ერთერთი მშობელი. როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე,"- თქვა მაკა ჩიჩუამ. 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი უკვე მე-5 დღეა აქციას მართავს. მათი 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან. 

კომენტარები