გიორგი გახარია ითხოვს, აქციის დარბევის შესახებ პარლამენტმა მოუსმინოს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წერილობით მიმართა პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლა მოითხოვა.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით" - ნათქვამია გახარიას წერილში.

მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა 20-21 ივნისის აქცია ძალადობრივად დაშალა, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის დარბევის შედეგად, დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო კიდევ ორი - აქამდე რეანიმაციულ განყოფილებაშია. დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ითხოვენ, გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, საპასუხოდ, შსს-მ მხოლოდ ის გააკეთა, რომ ათ სპეცრაზმელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო ორი მათგანის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები