ევროსაბჭო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

ვლადიმირ პუტინი
Politico

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა.

გადაწყვეტილება გააპროტესტა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით ეს ცუდი სიგნალია მოსკოვისა და სხვებისთვის:

"გააკეთე რაც გინდა, სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია მოახდინე, დახოცე იქ ხალხი და ყველაფერი შეგრჩება." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

კომენტარები