ევროსაბჭო

კანდელაკი ევროსაბჭოს: თუ რუსეთის დაბრუნებას მხარს დაუჭერთ, ნიშნავს რომ ყველაფერი აპატიეთ

გიორგი კანდელაკი

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოში რუსეთისათვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდა:

"რამდენიმე დღის წინ თბილისში პროევროპული დემონსტრაციები დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ხალხი გაბრაზებულია ჩვენს მთავრობაზე. ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. ამაზე რუსეთის რეაქცია იყო ის, რომ მოსკოვმა რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალა.

რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ, რუსეთი სისუსტედ და შემდგომი აგრესიული ქმედებისთვის მიპატიჟებად აღიქვამს. გარწმუნებთ, რომ მიუხედავად აქ გაკეთებული განცხადებებისა, რუსეთი ჩათვლის, რომ მას აპატიეს ის ქმედებები, რის გამოც მას ხმის უფლება ჩამოერთვა. რუსეთმა არ შეასრულა არცერთი მოთხოვნა, არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და არ გაუუქმებია ყირიმის ანექსია. თუკი რუსეთის დაბრუნებას მხარს დაუჭერთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რუსეთს უკრაინაში 12 ათასი ადამიანის მკვლელობა და სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება აპატიეთ," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა სტრასბურგში გამართულ დებატებზე.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა.

გადაწყვეტილება გააპროტესტა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით ეს ცუდი სიგნალია მოსკოვისა და სხვებისთვის:

"გააკეთე რაც გინდა, სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია მოახდინე, დახოცე იქ ხალხი და ყველაფერი შეგრჩება." თქვა მან.

მიმდინარე წლის მაისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

კომენტარები