გეგიძე: შედეგი არის დასახიჩრებული ადამიანები, რაზეც პასუხისმგებლობა გახარიას ეკისრება

ქართული ოცნების დეპუტატი ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ გავრილოვის ღამის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ეკისრება.

ამის შესახებ გეგიძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითონ რომ ყოფილიყო ახლა მინისტრის ადგილას, აუცილებლად გადადგებოდა.

"იყო დესტრუქციული მცდელობა, მოწოდებები, რომლებიც მოდის კონფლიქტში სახელმწიფო ინტერესებთან და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი პრინციპი არის, ყველაფერი შევაფასო შედეგიდან გამომდინარე. შედეგი, რომელიც დადგა და რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ყველაფრის შემდეგ, არის ის, რომ მივიღეთ დასახიჩრებული ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები. არ მაინტერესებს, ვთქვათ, რა მრწამსის ან რა პრინციპების გამო იყვნენ მოსულები, მე ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო ამ შეტაკების თავიდან აცილება და აქედან გამომდინარე ჩემთვის მიუღებელია, რომ ზედა ეშელონებში პოლიციაში მოხდეს ამ შედეგების დადგომის მიზეზების ძებნა. შედეგი რომელიც მივიღეთ, ამ შედეგზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრი. ამას მე ახალს არაფერს ვამბობ და არც ველოსიპედის გამოგონება სჭირდება ამას. ვაფასებ შედეგის მიხედვით და შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა. მე მის ადგილზე გადავდგებოდი," - ამბობს ბიძინა გეგიძე.

დეპუტატის თქმით, ქართული ოცნების გუნდში ხშირია დაგვიანებული გადაწყვეტილებები. მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა ასევე დაგვიანებული იყო, რამაც აქციაზე მუხტის გაზრდა გამოიწვია.

"ზოგადად დიდი ხანია ვლაპარაკობ იმას, რომ გადაწყვეტილებები ზოგჯერ გვიანდება მმართველ გუნდში. მანამდეც დაგვიანდა გადაწყვეტილება, განცხადებები გაკეთდა და მოიტანა აქციის მუხტის გაზრდა, აი, ამის თქმა მინდოდა,"- ამბობს გეგიძე. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან. 

კომენტარები