ევროსაბჭოს ასამბელეა

ბაქრაძე: დავტოვეთ ევროსაბჭოს დარბაზი, მიუღებელია რუსული დელეგაციის ტრიუმფით დაბრუნება

"დავტოვეთ დარბაზი და ასე გამოვხატეთ პროტესტი იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც ევროპელმა დეპუტატებმა მიიღეს," - ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას ეხმაურება. ბაქრაძეს სამარცხვინოდ მიაჩნია ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილება და მაბობ,ს რომ ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება შავ ლაქად ამ ორგანიზაციის რეპუტაციაზე და მის სანდოობაზე.


"ჩვენ, რამდენიმე სხვა დელეგაციასთან ერთად, დღეს ვეცადეთ უკვე, რომ საპროცედურო ბერკეტების გამოყენებით, პროცედურული ომით შეგვეფერხებინა რუსეთის დელეგაციის შემოსვლა სხდომათა დარბაზში, თუმცა სამწუხაროდ, პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცედურული ბრძოლით ამას ვეღარ შევცვლით, ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენ გვრჩებოდა იყო ის, რომ გამოგვეყენებინა პროცედურული ბერკეტები და რუსეთის დელეგაციის შემოსვლის შემდეგ, დაგვეტოვებინა დარბაზი. ჩვენ დავტოვეთ დარბაზი, რადგან ჩემთვის მორალურად მიუღებელია რუსული დელეგაციის ტრიუმფით დაბრუნება იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, როდესაც რუსეთი აგრძელებს ყირიმის ანექსიას, როდესაც რუსეთი აგრძელებს ადამიანების გატაცებას, წამებას და მკვლელობას, როგორც ეს იყო ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და სხვა შემთხვევებში. ჩემთვის მიუღებელია იმ დარბაზში რუსეთის ტაშის დაკვრით დაბრუნება მაშინ, როდესაც რუსეთი იღებს ახალ ეკონოომიკურ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას უკრაინასთან, ბალტიის ქვეყნებთან, აღმოსავლეთ ევროპასთან და ყველა იმ დეპუტატთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროსაბჭოში აგრესორის და ოკუპანტის დაშვება, ეს არის ამ ორგანიზაციის მორალური დაკნინება და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შევძლებთ ისეთი რეზოლუციისა და დოკუმენტიის მიღებას, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი რუსეთის უკანონო ქმედებები," - თქვა ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა.

გადაწყვეტილება გააპროტესტა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით ეს ცუდი სიგნალია მოსკოვისა და სხვებისთვის:

"გააკეთე რაც გინდა, სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია მოახდინე, დახოცე იქ ხალხი და ყველაფერი შეგრჩება." თქვა მან.

მიმდინარე წლის მაისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

კომენტარები