20 ივნისის აქცია

პროკურატურა: იდენტიფიცირებულია მათი დიდი ნაწილი, ვინც პოლიციის კორდონს ძალადობით არღვევდა

ტაბულა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს - ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს". როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.

"უახლოეს დღეებში მივიღებთ შესაბამის ზომებს მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად" - აცხადებს პროკურატურა.

ამასთან, საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 20 ივნისის აქციის საქმეზე პროკურატურამ ენმ-ის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. ის ხვალ საგამოძიებო უწყებაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ამასთან, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, ენმ-ის დეპუტატის დაპატიმრების თანხმობა მისცეს.

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. გუშინ შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები