20 ივნისის აქცია

გოცირიძე პარლამენტს მოუწოდებს, პროკურატურას მელიას დაპატიმრების ნებართვა არ მისცეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტს მოუწოდებს, პროკურატურას ნიკა მელიას დაპატიმრების უფლება არ მისცეს. პროკურატურის განცხადების გამო ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო.

"რაც ხდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში მყარდება პოლიტიკური დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები, მოგიწოდებთ პარლამენტს, თითოეულ თქვენგანს, რომელმაც ამ მომართვას უნდა უყაროს კენჭი, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, ნუ შეუწყობთ ხელს ქვეყანაში მძიმე ვითარების შექმნას, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში.

რიჩარდ მესამემ თავის გადარჩენისთვის თქვა, რომ ერთ ცხენში ვთმობ მთელ სამეფოსო. ივანიშვილს მივმართავ, არ მოგივიდეთ ისე, რომ ერთ ვერტმფრენში დათმოთ თქვენი შვიდი მილიარდი. რასაც ჩადიხართ, არის წარმოუდგენელი უკანონობა ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის წინაშე, მოგიწოდებთ, დღეს არ მისცეთ ამ წინადადებას ხმა, გამოიჩინეთ პოლიტიკური სიბრძნე, პერსონალური კეთილსინდისსიერება და ამ უმსგავსობას, რეპრესიულ გადაწყვეტილებას არ დაუჭიროთ მხარი" - მიმართა გოცირიძემ ბიურის წევრებს.

უმრავლესობის დეპუტატების თქმით კი, იხელმძღვანელებენ "კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვით" და "ისე მივუდგებუთ ყველაფერს".

20 ივნისის აქციის საქმეზე პროკურატურამ ენმ-ის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. მელია ხვალ საგამოძიებო უწყებაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ამასთან, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, ენმ-ის დეპუტატის დაპატიმრების თანხმობა მისცეს.

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. გუშინ შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები