ნიკა მელიას საქმე

ბახტაძე მელიას საქმეზე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ენმ-ის ლიდერებს

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის"ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ თქვა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში პრემიერი ამბობს, რომ ის მძიმე შედეგები, რაც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციის შედეგია.

"ამ საკითხს, ისევე როგორც ზოგადად 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აქვს ორი განზომილება - სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, პროკურატურამ დაიწყო გამოძიებამ ადამიანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ამ საქმის დეტალებში არ შევალ და ვერც შევალ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქის - ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი მოწოდებები და პროვოკაცია, რომ მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში შესვლა. ეს იყო მოწოდება, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები", - ამბობს ბახტაძე.

20 ივნისის აქციის საქმეზე პროკურატურამ ენმ-ის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. მელია ხვალ საგამოძიებო უწყებაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ამასთან, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, ენმ-ის დეპუტატის დაპატიმრების თანხმობა მისცეს.

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. გუშინ შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები