მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილის "ბეზპრედელი" უნდა დასრულდეს, უკან დახევა აღარ გამოვა

ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმი უპირებს დაპატიმრებას. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა. 

სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ენმ-ს წევრის, ნიკა მელიას დაკავება დაუშვებელია. 

სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ, ხოლო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

"მეგობრებო, ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადის დიქტატურას და დემოკრატიის რაღაც ნიშან-სვეტებს შორის. თუ ჩვენ ახლა დავუშვებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ისინი ჩასვეს ციხეში, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ამ ბოროტებმა, ამ "ბეზპრედელშიკმა"ივანიშვილმა გაიმარჯვა, ის არის საქართველოს მტერი და სრული "ბეზპრედელშიკი", სხვა სიტყვა ქართულში არ არსებობს. ივანიშვილის "ბეზპრედელი" უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი",- ამბობს სააკაშვილი.

20 ივნისის აქციის საქმეზე პროკურატურამ ენმ-ის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. მელია ხვალ საგამოძიებო უწყებაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ამასთან, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, ენმ-ის დეპუტატის დაპატიმრების თანხმობა მისცეს.

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. გუშინ შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები