ღარიბაშვილი: მელია გამოიყენეს როგორც შესაწირი კრავი, სახელმწიფო გადატრიალება ავიცილეთ

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების მოქმედი პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს ნაციონალურ მოძრაობას აქციაზე გამოყვანილი ჰყავდა 300-მდე ყოფილი სპეცრაზმელი, "წინასწარ მომზადებული ზონდერები".

"სააკაშვილმა და მისი პარტიის ლიდერებმა მელია გამოიყენეს როგორც შესაწირი კრავი და მას გაახმოვანებინეს პირდაპირი ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება. რასაც მოჰყვა ქმედება. ქმედება მათ მიერ წინასწარ მომზადებული ზონდერების მეშვეობით, კარგად მომზადებული ყოფილი სპეცრაზმელებით, მე შემიძლია ასეთი ინფორმაციაც გაგიზიაროთ. ათეულობით სპეცნაზელი, ჩვენი პოლიციელი, გაიყვანეს, მოიტაცეს ამ შტურმის დროს. სცემეს, დააზიანეს, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დავდექით. სამი საათის განმავლობაში ჩვენი ღირსეული პოლიცია, ჩვენი სპეცნაზი იცავდა სახელმწიფოს და პარლამენტის შენობას შტურმისგან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, აქციის მონაწილე ახალგაზრდები მოშორებით იყვნენ და ისინი აღნიშნულ პროცესში არ მონაწილეობდნენ, ენმ-ს 200-300 სპეცრაზმელს კი სპეციალური მომზადება ჰქონდა გავლილი.

ამასთან, ექსპრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიცია სამი სათის განმავლობაში იტანდა შეურაცხყოფას და ძალადობას "სააკაშვილის დაქირავებული კრიმინალებისგან" და ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება.

"20 ივნისს ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება, მეგობრებო. ეს ნუ დაგვავიწყდება ნურავის. გაბედა ამ უკაცრავად და, ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა ძალამ, ნაცმოძრაობამ და დაგეგმა ძალიან საშიში პროვოკაცია. მათ მოინდომეს პარლამენტის შენობის დაკავება, ძალისმიერი მეთოდებით. გაუწიეს ორგანიზება მასობრივ ძალადობას სახელმწიფოს და პოლიციის წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ? რატომ არ ვსაუბრობთ როგორ მივედით იქამდე, რაზეც თქვენ საუბრობდით [დარბევა]. სამი საათის განმავლობაში ჩვენი პოლიცია იტანდა და იგერიებდა რაღაც არნახულ, ენით აღუწერელ შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას სააკაშვილის დაქირავებული კრიმინალებისგან", - თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვას, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სახელმწიფოებრივი გადატრიალება, ღარიბაშვილი პასუხობს:

"ინფორმაცია არა, მე ჩემი თვალით ვიხილე ეს და მოსახლეობამ იხილა".

ექსპრემიერმა მადლობა გადაუხადა პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომლის გადადგომას მოქალაქეები უკვე 6 დღეა ფართომასშტაბიანი აქციებით ითხივენ.

კომენტარები