სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

აქციის პროვოკატორი ყაჩაღობაზე დააკავეს, სამთავრობო მედია მას ორგანიზატორებთან აკავშირებს

პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 23 ივნისს პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. 

სამთავრობო მედია ცდილობს, რომ ნოდარ რაფავას მცდელობა, დაეყაჩაღებინა iPlus-ის მაღაზია, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშიროს. სამთავრობო მედია აქტიურად იყენებს იმ კადრებს, როდესაც რაფავა პარლამენტის წინ თითქოსდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. 

ნოდარ რაფავა ნამდვილად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე, თუმცა არაერთი თვითმხილველი ყვება, რომ ის აქციაზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. მათ შორის არის, ტაბულას რეპორტიორიც, რომელმაც მოისმინა, როგორ აფრთხილებდნენ ორგანიზატორები პროვოკატორს, რომ პოლიციას ჩააბარებდნენ. ტაბულას ჟურნალისტმა მას ფოტოებიც გადაუღო, რათა რაფავა იდენტიფიცირებული ყოფილიყო. 

აქციის ორგანიზატორებმა ის პოლიციას ჩააბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ლადო სადღობელაშვილმა, რაფავა აქციიდან გაიყვანა. ერთერთი ორგანიზატორის, ლექსო მაჭავარიანის, ცნობით, პოლიცია კამერით იღებდა მის გაყვანას. 

ამასთან, აქციის ერთერთმა მონაწილემ ვიდეოც გადაიღო, თუ როგორ გაჰყავს პოლიციას ნოდარ რაფავა ადგილიდან და როგორ უხდიან ორგანიზატორები პოლიციას ამისთვის მადლობას. 

აღსანიშნავია, რომ ნოდარ რაფავა მინიმუმ, 2019 წლის მაისამდე თბილისის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურა ხომასურიძემ, დაუდასტურა. 

ფედერაცია 2009 წელს შეიქმნა და თბილისის მერიისგან ფინანსდება. 

კომენტარები