ნიკა მელიას საქმე

კვიციანი დეპუტატების თავდების ინიციატივით გამოდის - "რატომ არის მელიას პატიმრობა აუცილებელი?"

ემზარ კვიციანი
ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანი გამოდის ინიციატივით, თუ შესაძლებელია, დეპუტატები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.

ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავდნენ.

"უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მაგაზე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. დღესაც აგერ მოვიდა და ზის, გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმისი, რომ არსად გაიქცევა და რატომ არის მაგისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი ერთი მაინტერესებს ძალიან. თუ არის საშუალება იმისი, რომ დეპუტატები თავდებში დაუდგნენ ნიკანორ მელიას? აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის. ან შიდა პატიმრობა იყოს", - აღნიშნა კვიციანმა.

მისივე თქმით, პატიმრობა აუცილებელი არ არის და ისტორიაში ჩაიწერება, რომ დეპუტატებმა კოლეგა გაწერეს.

"მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს ჩვენ პოლიტიკური, ის არის ჩვენი კოლეგა. ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს. რადგანაც მივიღეთ, მოვიყვანეთ და დავსვით აქა, მაშინ კეთილი ინებეთ და კოლეგიალობა დავიცვათ. მოვითხოვოთ, კი ბატონო, შიდა პატიმრობა, სანამ არ იქნება გამოძიება. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც პატიმრობა შეეფარდოს. 57 ათასი გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში...", - თქვა კვიციანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.  

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები