რუსული პროპაგანდა

ლავროვი: ბოლო წლებში ცხადი გახდა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ბოლო წლებში აშკარა გახდა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალიზება მოხდა. ამის შესახებ ის რუსულენოვან გამოცემა TASS-ს ესაუბრა. 

"ჩვენ ვშიშობთ, რომ ამერიკელი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ დაუშვან და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობების ნორმალიზება აშკარა იყო,"- ამბობს სერგეი ლავროვი.

ლავროვმა ბაიდენის ფონდის ხელმძღვანელის, მაიკლ კარპენტერის, საქართველოში ბოლო ვიზიტი პარლამენტის წინ ანტირუსულ აქციებს დაუკავშირა და თქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უშლის. 

"ზოგიერთი ანალიტიკოსის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დღით ადრე, სანამ საქართველოს პარლამენტში პროვოკაცია მოეწყებოდა, ბაიდენის ფონდის ხელმძღვანელი თბილისში იმყოფებოდა და არა მხოლოდ კულისებში მუშაობდა აქტიურად, არამედ საჯაროდაც ილაპარაკა იმაზე, რომ საქართველომ რუსეთთან კავშირები არ უნდა გააბას. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ამ ასპექტის უგულებელყოფა,"- ამბობს ლავროვი, რომელიც პროვოკაციას რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებას უწოდებს მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. 

კარპენტერმა, რომელიც თბილისს 17 ივნისს "საქართველოს უნივერსიტეტის" მიერ მოწყობილი კონფერენციის "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში" ფარგლებში ეწვია, ლავროვს Twitter-ის საშუალებით უპასუხა

"ძვირფასო საგარეო საქმეთა მინისტრო ლავროვო, მადლობა, რომ შეამჩნიეთ საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტი. მე არ ვეწინააღმდეგები მეზობალ ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, მაგრამ როდესაც შენს ქვეყანას საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ნამდვილად მეგობრობაა ეს?" - დაწერა კარპენტერმა. 

კომენტარები