ნიკა მელიას საქმე

პროკურატურა ნიკა მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს

ნიკა მელია
epn.ge

პროკურატურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას, დაკავების შუამდგომლობით, სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში მიაწოდეს. 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურას მელიას დასაკავებლად ნება მისცა

"ყველა, ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც შესაბამისობაში მოდიოდა მის სურვილთან, უბრალოდ, რომ ვთქვა არ ინანებს საკუთარ სინდისთან, როგორც მინიმუმ. ძალიან ბევრს ჰქონდა იმის სურვილი, რომ მწვანე ღილაკზე თითი არ დაეჭირათ. უბრალოდ, ვერ შეძლეს,"- ამბობს მელია. 

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ბრალდების აბსურდულობაზე და მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობაზე საუბრობს. ის პროცესზე არასაპატიმრო, ან ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. 

"ბრალდება იმდენად სამართლებრივად აბსურდულია... არავითარი მასობრივი არეულობა, გადატრიალება, ჯგუფური ორგანიზება ძალადობის ნიკანორ მელიას მხრიდან არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს ის მტკიცებულებები, რომელიც გადმოგვეცა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიშუამდგომლებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, თუმცა ალტერნატივის სახით დავაყენებთ, ალბათ, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობას. ეს კიდევ იმის მანიშნებელია, რომ ნიკანორ მელია არ გაურბის მართლმსაჯულებას,"- ამბობს კონდახიშვილი რუსთავი 2-თან.

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები