სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

"ბატონო გიორგი, სირცხვილია" - ბექა ბასილაია გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს

ადვოკატი ბექა ბასილაია გათავისუფლების შემდეგ პარლამენტის წინ კარვებში მოშიმშილეთა რიგებს შეუერთდა. პროტესტის უკიდურესი ფორმით ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომას ითხოვენ.

"ბატონო გიორგი, სირცხვილია. თქვენი კარიერის დასაწყისში ასეთ მხდალ ადამიანად თქვენ არ გიცნობდნენ. მესმის, რომ რუსეთის დავალებების შესრულება გიწევთ, მაგრამ არ შეიძლება. არსებობს რაღაც საზღვრები. მოთხოვნა არის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. მას არანაირი მორალური, სამართლებრივი უფლება არ აქვს, იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი,"- ამბობს ბექა ბასილაია რუსთავი 2-თან. 

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. მათ შორის ერთერთი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.

"ამ ბავშვებთან ერთად მძინავს, ამ ბავშვებთან ერთად ვიღვიძებ. ვიზიარებ სრულად მათ მოთხოვნებს, მაგრამ ვატყობ, ხელისუფალი მაინც არ თმობს გახარიას. შევუერთდი იმიტომ, რომ დიდი სურვილი მაქვს, გადადგეს გახარია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა იმ სისხლისღვრაში, რაც აქ 20 ივნისს დატრიალდა,"- ამბობს დავით მახარეიშვილი. 

27 ივნისს, 19:00-ზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდება. დემონსტრანტები აპირებენ, ბიძინა ივანიშვილის სასახლემდე მოეწყოს მსვლელობა.

"ხვალ მივალთ და გავაღვიძებთ ბიძინა ივანიშვილს" - თქვა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.

დემონსტრანტებს გუშინაც სურდათ მსვლელობის მოწყობა, თუმცა, აზრი ორად გაიყო.

მეშვიდე დღეა, რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება. ჯერ კიდევ სამი დღის წინ, დემონსტრანტებს ოთხი მოთხოვნა ჰქონდათ - მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გათავისუფლდეს აქციაზე ყველა დაკავებული, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადაამეტეს.

24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, ბოლო დღეების მანძილზე, სააპელაციო სასამართლო ყოველდღიურად ათავისუფლებდა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნა მხოლოდ შს მინისტრის გადადგომაა.

კომენტარები