ლარის გაუფასურება

თურნავა: არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება

ნათია თურნავა
ტვ იმედი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, საქართველოს მაკროეკონომიკა ჯანსაღი და მყარია და არ იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება. 

"ჩვენი მარკოეკონომიკა ჯანსაღია, მყარია. არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, მათ შორის ლარის კურსზეც. ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს," - ამბობს თურნავა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად, დოლარის ღირებულება 2.8470 ლარი იქნება, ევროსი კი 3.2356 ლარი.

ეს იმას ნიშნავს, რომ წინა დღესთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 1.37 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 0.96-ით.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, ხოლო მცირედით გამყარდა ბრიტანულ გირვანქასთან.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება.

კომენტარები