ნიკა მელიას საქმე

ბაქრაძე: იმისთვის, რისთვისაც ათასობით ადამიანი გახარიას გადადგომას ითხოვს, მელია დასაჯეს

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მხარი ნიკა მელიას დაპატიმრებას დაუჭირა მხარი და ფორმალისტური განმარტებები დეპუტატების საქციელის სიმძიმეს ვერ შეამსუბუქებს.

"გუშინ ამ პარლამენტში მოხდა უაღრესად მძიმე პრეცედენტი, როდესაც მოქმედ პოლიტიკოსსა და პარლამენტის წევრს, აბსოლუტურად დასუაბუთებლად, ბრალი დასდეს. ჩვენ პროკურატურისგან ვერანაირი დასაბუთება ვერ მოვისმინეთ. დღეს ვრცელდება ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც პროკურატურამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა და ეს არის სამარცხვინო, 1937 წლის დონის ჩვენებები. ეს არის იმ დონი ჩვენებები, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში შემოწმება შევიდა. ასეთი ჩვენების საფუძველზე დაუჭირა უმრავლესობამ მხარი პროკურატურის მოთხოვნას და ამით სრულად იღებს პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ნუ ეცდებიან ამის შემსუბუქებას და გადატანას, თითქოს რაღაც სხვა მოხდა",- ამბობს ბაქრაძე. 

დავით ბაქრაძის თქმით, ერთია არ მოგწონდეს ნიკა მელიას საქციელი და მეორე მას უსამართლოს დასდო ბრალი. 

"შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მელიას საქციელი. ერთია, როცა არ მოგწონს და მეორე, როცა ადამიანს ბრალს დებ. გუშინ ამ პარლამენტში მელიას სრულიად დაუსაბუთებლად დასდეს ბრალი და იმ დანაშაულზე, რაზეც ათასობით ადამიანი გახარიას გადადგომასა და მთავრობის დასჯად ითხოვს, გუშინ დაისაჯა მელია. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის სამართალი და ნუ ეცდებიან აქედან თავის დაღწევას. ეს მორალური ტვირთი და შავი ლაქა არის მთლიანად იმ ადამიანებზე, ვინც გუშინ ხმა მისცა მელიას დაჭერას,"- თქვა დავით ბაქრაძემ.

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურას ნიკა მელიას დაკავების უფლება მისცა

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე რჩება მართვით სუნთქვაზე. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები