ჰოლოკოსტი

ნიდერლანდების რკინიგზა ჰოლოკოსტისას ებრალების გადაყვანისთვის €50 მლნ. კომპენსაციას გასცემს

EPA

ნიდერლანდების რკინიგზა ჰოლოკოსტში მონაწილეობის და ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში ებრალების ტრანსპორტირებისათვის მსხვერპლთა ოჯახებს 50 მილიონ ევროს გადაუხდის.

სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა სარკინიგზო კომპანიამ ჰოლოკოსტში მათი როლისათვის ბოდიში პირველად 2005 წელს მოიხადა. კომპანიის დირექტორის თქმით დროა მათ ამ სინანულის დამადასტურებელი ნაბიჯიც გადადგან.

კომპენსაციას 500-მდე გადარჩენილი (თითო 15,000 ევროს ოდენობით) და საკონცენტრაციო ბანაკების მსხვეპლთა 5,500-მდე ნათესავი მიიღებს (ქვრივები 7,500 ევროს, ხოლო შვილები 5,000-დან 7,000 ევრომდე)

მიუხედავად ბოდიშის მოხდისა კომპანია კომპენსაციის გადახდაზე წლების მანძილზე უარს ამბობდა მანამ, სანამ სალო მიულერი, საფეხბურთო კლუბ აიაქსის ყოფილი ფიზიოთერაპევტი მათ სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

სალო მიულერის მშობლები სწორედ ამ სარკინიგზო კომპანიის მატარებლით გადაიყვანეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც გაზის კამერაში დახოცეს. მან ამის შესახებ საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნშიც დაწერა.

ნაცისტებმა კომპანიას საკონცენტრაციო ბანაკებში 102,000-მდე ებრაელის გადაყვანაში დღევანდელი კურსით დაახლოებით 2.4 მილიონი ევრო გადაუხადეს. უკანასკნელი მატარებელი საკონცენტრაციო ბანაკების მიმართულებით 1944 წლის 13 სექტემბერს გავიდა, რის შემდეგაც რკინიგზის თანამშრომლების დიდი ნაწილი ოკუპაციის გასაპროტესტებლად გაიფიცა.

2014 წელს საფრანგეთის სარკინიგზო კომპანიამ ჰოლოკოსტის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში 76,000-მდე ებრაელის გადაყვანისათვის 45 მილიონ ევრომდე კომპენსაციები გადაიხადა.

კომენტარები