მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: პარლამენტში ჩვენს პროგრამაზე საუბარი საზოგადოებრივ ინტერესთან შეუსაბამო იქნებოდა

პარლამენტი

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე Facebook პოსტში იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც გადაიდო პარლამენტში მისი მოხსენების მოსმენა. 

ბახტაძეს წერს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სამთავრობო პროგრამაზე საუბარი საზოგადოებრივ ინტერესებთან შეუსაბამო იქნებოდა. 

"ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ - ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან,"- წერს პრემიერი. 

ბახტაძის თქმით, ის მზად არის ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარადგინოს. 

"ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს,"- წერს მამუკა ბახტაძე. 

დღეს, 27 ივნისს პარლამენტში პრემიერმინისტრს დეპუტატებისთვის ყოველწლიური ანგარიში უნდა წარედგინა. მოგვიანებით კი, პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ არსებულ ვითარებაში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა და მისი მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება. 

 

კომენტარები