ნიკა მელიას საქმე

მელია: ჩემი დაკავება ძალიან დიდ ქარს დათესავს, რომელიც გამოიწვევს ქარიშხალს

ნიკა მელია
ენმ

"მიჭერენ - პრობლემა ვარ ივანიშვილისთვის, არ მიჭერენ - მაინც პრობლემა ვარ" - თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულმა ნიკა მელიამ, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განიხილონ. პროკურატურა ენმ-ის დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რადგან, მათი შეფასებით, "ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს".

"ბიძინა ივანიშვილი არის დამარცხებული, შეშინებული, აგონიაში მყოფი ადამიანი, გუშინ მან დაკარგა საბოლოოდ ყველაზე ძვირფასი რამ მისთვის, რითიც არის აქამდე იქ, სადაც არის - დაკარგა ფული. დიახ, მისმა ფულმა დაკარგა მსყიდველუნარიანობა. როგორც წლების წინ გაუუფასურდა ბევრ ჩვენს მოქალაქეს ქილაში შენახული ფული, გუშინდელმა დღემ მას ეს შედეგი მოუტანა, ფული მატერიალური სახით დარჩა, მაგრამ ამ ფულით ის ვეღარ მართავს, პროცესებს ვეღარ უძღვება ისე, როგორც მას სურდა.

ჩემი დაკავება რთული იქნება, უნდა გაუჭირდეს, იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რის და ვის გულისთვის თან - გავრილოვის? ძალიან რთული იქნება და ძალიან დიდ ქარს დათესავს, რომელიც მერე რას მოიმკის, ჩემზე კარგად იცით - ქარიშხალს" - ამბობს მელია.

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები