ნიკა მელიას საქმე

მელია მოსამართლეს: ჩინჩალაძის მეგობარი ხართ, რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, პოლიტიკური იქნება

ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თემურ გოგოხიას მიმართა და უთხრა, რომ ის მიხეილ ჩინჩალაძის მეგობარია, ამიტომ მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარე მას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკურიგადაწყვეტილება.

მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია ჩინჩალაძესა და მურუსიძესთან დაკავშირებით. მე გუშინ მივიღე 93 დაჩოქილი დეპუტატი და ნამდვილად არ მაქვს არანაირი რწმენა, რომ თქვენ იქნებით ახლა პირუთვნელი, ობიექტური და სამართლიანი მოსამართლე. თუ მიიღებთ ერთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება პოლიტიკური გავლენით ნაკარნახები, თუ მიიღებთ მეორე გადაწყვეტილებას, ესეც პოლიტიკურად იქნება ნაკარნახები.

თქვენ არ ხართ ჩვეულებრივი მოსამართლე. თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე და თქვენ ხართ ჩინჩალაძის უახლოესი მეგობარი. ასეთ თანამდებობაზე თქვენ ვერ დაინიშნებოდით, რომ არ იყოთ კლანის წევრი.

ეს არის ჩემი გულწრფელი პოზიცია. მე აქ ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომელიც თქვენ გულს მოგითბობთ. ეს არის ჩემი პოზიცია, მე არ შევეხები არაფერს, უბრალოდ მინდა იცოდეთ ჩემი პოზიცია თქვენზე", - თქვა ნიკა მელიამ.

მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლის, დანაშაულის განმეორების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის მოტივით ითხოვს.

სასამართლოში მელიას თავდებში ევროპული საქართველოს დეპუტატები უდგებიან. 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები